უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა - რაც იმას ნიშნავს, რომ არხის მართვის სადავეები ხალვაშზე გადადის. ახლა მხოლოდ წილების გადაფორმებაღა დარჩა.
განაჩენს არ ეთანხმებიან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები, თუმცა ეს მესამე ინსტანციაა და გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მაგრამ, როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, არხის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.
აღსანიშნავია, რომ 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე გვიან საღამოს გამოაქვეყნა.
სასამართლოს გადაწყვეტილება
"ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
"გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება - ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
"გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანაშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანაშვილის 18%-ის, შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს "პანორამა".
"უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყუვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან ხელი 7 მოსამართლემ მოაწერა.
როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მოსამართლე ვასილ როინიშვილი და ბესარიონ ალავიძე.
პირველი ემოციები და სამართლებრივი შეფასებები
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, ახლა მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტაღა დარჩა.
"ახლა წილები უნდა გადაფორმდეს ქიბარ ხალვაშზე. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით ალბათ თავად ხალვაში ისაუბრებს, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა", - გვითხრა პაატა სალიამ.
თავად ხალვაში კი მზადაა ტელეკომპანიაში დღესვე მივიდეს და დაელაპარაკოს კოლექტივს. თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. "რუსთავი 2" იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული", - განაცხადა ხალვაშმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ.
"შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ.
"რუსთავი 2" იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში.
"როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.
"თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ, რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება", - განაცხადა ხალვაშმა.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად "რუსთავი 2" მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 პროცენტით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. ეს გადაწყვეტილება არ არის მათი დაწერილი, უბრალოდ მათი პირით მოხდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში სიტყვის თავისუფლება დამარცხდა.
"ჩვენ გავხდით საქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება," - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციას მნიშნელოვან პრობლემას შეუქმნის.
"ხელისუფლების მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ხვალიდან ან რამდენიმე თვის მერე ჩვენ უვიზო მიმოსვლა ისვე არ გვქონდეს", - აცხადებს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის - "რუსთავი 2" საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას და პარალელურად ტელეკომპანიის ეზოში პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იკრიბებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები განიცდიდნენ ზეწოლას ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და სწორედ ამიტომ მიიღეს მათ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება.
წიკლაურის განცხადებით, ისინი არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას და საზოგადოებას მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-თან შეკრებას.
კითხვაზე, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, წიკლაური აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც 9 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული, იმსჯელებს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ის, რაც მოხდა დღეს, არის დაუშვებელი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ბრძოლა, რომელსაც ის აუცილებლად წააგებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას.
"მივმართავ საზოგადოებას, მივმართავ ჟურნალისტებს, სოლიდარობა გამოუცხადონ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს და ყველანი შეიკრიბონ "რუსთავი 2"-ის შენობასთან.
"ჩვენ ნებისმიერი ფორმით წავალთ წინააღმდეგობაში და ამ უკანონობას, რაც დღეს მოსამართლეების სახელით, ქიბარ ხალვაშის სახელით ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინეს, არ დავუშვებთ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და როგორც მან აღნიშნა, მედიის სფეროში, მედიაპლურალიზმი დაცული უნდა იყოს.
"მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ.
"მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და ის მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით განსაკუთრებულად.
"შესაბამისად, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში, როგორც უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული.
"ჩვენ, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია, ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს. ეს არის ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ, მედიაპლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც სახეზეა 2012 წლის შემდეგ და ამ მიღწევას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.
"მთავარი არის შემდეგი - ვინც უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
"მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები", - განაცხადა კობახიძემ.