სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რაც ნიშნავს, რომ 8 მარტამდე ტელევიზიაში ქიბარ ხალვაში არ უნდა შევიდეს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
იურისტების შეფასებით, საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი ევროპული კონვენციის მონაწილეა, ამ გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს. თუმცა, ევროპულ სასამართლოს იძულების მექანიზმი არ გააჩნია, რითიც ამის შეასრულებას აიძულებს.
"სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას. არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით არც ერთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და განმარტა, რომ 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დანარჩენი განმარტებები კი მოგვიანებით გაკეთდება.
იურისტი ლია მუხაშვარია "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას უნდა დაემორჩილოს.
"ერთი რამ ცხადა - როდესაც ჩვენ ევროსასამართლოს იურისდიქცია ვაღიარეთ და ევროპულ კონვენციას მივუერდით, ამით ვიკისრეთ ვალდებულება, რომ შევასრულებთ ყველა გადაწვეტილებას, რასაც ევროპული სასამართლო მიიღებს. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, დროებითია ის თუ საბოლოო, ყველა სავალდებულო ხასიათისაა.
"აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოს იძულების მექანიზმი არ აქვს, რის გამოც ზოგიერთი მთავრობა არ ასრულებს ხოლმე მის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სავალდებულოა", - ამბობს ლია მუხაშავრია.
რა მოხდება თუკი ქიბარ ხალვაში მაინც გადაწყვეტს ტელევიზიაში შესვლას, მუხაშავრიას თქმით, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა."მე ვფიქრობ, 8 მარტამდე ეს მაინც არ გაკეთდება. მითუფრო, რომ ხალვაშის თქმით, ის ჯერ აუდიტორულ შემოწმებას გააკეთებს, ისე მენეჯმენტს არ აიღებს ხელში და მოგეხსენებათ, ამხელა კომპანიის შემოწმებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
"მაგრამ, თუ, დავუშვათ, ხვალ ხალვაში შევა ტელევიზიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ არ შეასრულა გადაწყვეტილება, რაც გარკვეულ გავლენას მოახდენს მომავალში, როდესაც ამ საქმის განხილვა გადაწყდება", - ამბობს ლია მუხაშავრია.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ ეს საქმე სტრასბურგში საგნობრივ-შინაარსობრივ განხილვამდე მივიდა, ამას შესაძლოა უფრო მეტი გართულება მოჰყვეს.
"პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმეა. იმის მიუხედავად, თუ რა ქმედებები მოჰყვება ამას საქართველოში, ჩვენ უკვე მივიღეთ ნეგატიური შედეგი. იმიტომ, რომ თვითონ გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამას ექნება პოლიტიკური რეზონანსი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში.
"ასე რომ, ახლა სიჯიუტის დრო არ არის და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ რაღაც გამოსავალი. აქ შეიძლება ჩაერთოს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტი, რომ ეს ინციდენტი ამოვწუროთ. თუ ეს საქმე სტრასბურგში საგნობრივ-შინაარსობრივ განხილვამდე მივიდა, მე ვფიქრობ, იქ შეიძლება უფრო პრობლემატური გახდეს ეს ყველაფერი", - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს როგორც საქართველოს სასამართლოს კვალიფიკაციას, ისე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას.
"მე ვფიქრობ, ის ძირითადი გზავნილი, რომ ქართული სასამართლო გამოირჩევა განსაკუთრებული კვალიფიკაციით, მინიმუმ ეჭვქვეშ დგება. მაგრამ ესეც არ არის მთავარი, შეიძლება ეს პრობლემა გადაიზარდოს სხვა რამეში.
"რომ დაუკვირდეთ, პროცესი ვითარდება ასე - ამ სარჩელს დაერთვება საელჩოების და სამოქალაქო სექტორის განცხადებები და ეს ყველაფერი გახდება ამ დიდი საქმის განუყოფელი ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ფორმალური გაგებით, ეჭვქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი მყიდველის ცნებას, ეს ძალიან სერიოზულად ასუსტებს სასამართლოს არგუმენტაციას, იმიტომ, რომ კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება ევროპაში ხელშეუვალია. ეს კი სიტუაციას ამძიმებს.
"მე ვფიქრობ, საქართველო არ არის პოლიტიკურად დაინტერესებული, რომ ამ საქმეს სტასბურგში მსვლელობა მიეცეს. ასე რომ, სანამ მსვლელობაში გადასულა, უკეთესია, ქვეყნის შიგნით მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი, რომელიც ამ პრობლემას გადაგვაგორებინებს და ჩვენი შიგა პრობლემები უფრო დიდ საგარეო პრობლემად არ გადაიქცევა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ცივილიზებულ სამყაროში. ახლა უკვე თეორიულად დასაშვებია, რომ ეს მოხდეს", - ამბობს გია ხუხაშვილი.