პარლამენტის სპიკერის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადა იმაზეა დამოკიდებული, "გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებებს"
ეკატერინე ბასილაია
06.03.2017

 "ოცებისა" და გიორგი მარგველაშვილის 4-წლიანი "სიტყვიერი ომი" გასული კვირის ბოლოს უკვე ულტიმატუმსა და შანტაჟში გადავიდა და პარლამენტის სპიკერი დაიმუქრა, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს (რაშიც "ოცნების" მიმართ კრიტიკული შენიშვნები იგულისხმება), შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან დაკანონდეს და ეს იქნება "არაკორექტული" მარგველაშვილის ერთგვარი დასჯაც.

ირაკლი კობახიძის ამ ულტიმატუმს მხარი ლამის სრულიად "ქართულმა ოცნებამაც" აუბა. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა "ოცნების" ისტერიულ კრიტიკას ერთგვარი ირონიით უპასუხა: "ბარემ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ შეიზღუდოს ხასიათის გამოვლენის უფლება საქართველოს პრეზიდენტისთვის".

პოლიტოლოგების შეფასებით, სამარცხვინო ულტიმატუმია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბედი იმაზეა ჩამოკიდებული, "ქართული ოცნებას" მოსწონს თუ არა მოქმედი პრეზიდენტის განცხადებები. ისინი "ოცნების" ამ გაღიზიანებას არა მარტო საკონსტიტუციო კომისიის მისამართით მარგველაშვილის კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, ასევე იმასაც, რომ პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოუცხადა მხარდაჭერა, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კი ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა წამოაყენა ინიციატივა (რასაც ნახევრად ხუმრობა უწოდა), რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოხდეს "რუსთავი 2"-ის გამოსყიდვა.

ზუსტად 4 წლის წინ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ "ხასიათი გამოავლინა", მას "პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა", რის გამოც პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ იწყება "ქართული ოცნებიდან" მარგველაშვილის კრიტიკა თითქმის ყველა თემაზე, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების ხელმძღვანელობის ჩათვლით და ამ დაპირისპირებაში ლიდერი მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის პირველ თვეებში თითქოს შენელდა ეს ომი, მაგრამ ამჯერად საკონსტიტუციო კომისიაში "ოცნების" პოზიციამ, რომ პრეზიდენტის დარჩენილი უფლებამოსილება კიდევ უფრო შეიზღუდოს და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები დაკანონდეს, ეს მინელებული დაპირისპირება საკმაოდ მწვავედ გამოაცოცხლა.

"ოცნების" მუქარა პრეზიდენტს

შაბათს პარლამენტის სპიკერმა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს (პრეზიდენტის) არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ".

კობახიძის ეს განცხადება მარგველაშვილის წინა დღის განცხადებას მოჰყვა, როდესაც პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად სპეციალური ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა ისიც, რომ "საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან".

"კონკრეტულ პოლიტიკოსში", ვისი მიუღებლობის გამოც კონსტიტუცია იცვლება, მარგველაშვილმა საკუთარი თავი იგულისხმა.

პრეზიდენტის ამ პასუხმა გააღიზიანა ირაკლი კობახიძე, რომელმაც განცხადებას "არაკორექტული" უწოდა. თქვა, რომ მარგველაშვილის შეფასება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობაა და ქვეყნის პირველ პირს დაემუქრა კიდეც, რომ "ოცნება" პოზიციას გადახედავს და შესაძლოა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ მომავალ წელს ჩაატაროს.

კობახიძეს მხარი "ოცნებამ" მთელი აღტყინებით აუბა და ყველამ პრეზიდენტი დაადანაშაულა არაკორექტულობაში, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და პოლიტიკურ სპეკულაციაში.

ზვიად ძიძიგურის თქმით, პირადად ის ყოველთვის მომხრე იყო, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა სწორედ 2018 წელს მომხდარიყო, თუმცა რასაც ახლა მარგველაშვილი ამბობს, ეს, "რბილად რომ ვთქვათ, გადამეტებაა და ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის".

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ "ცვლილებები მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული, თითქოს მას მესამედ არჩევის შესაძლებლობა ჰქონოდა".

ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ "მარგველაშვილის განცხადება არა თუ არაადეკვატურია, არამედ კომისიის ყველა წევრის დისკრედიტაციას ემსახურება" და სპეკულაციაა ის, რომ თითქოს მას ებრძვიან.

ამ ისტერიულ კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც უპასუხა.

ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კობახიძის პასუხად განაცხადა, რომ "თუ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის?"

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმართებაში მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას ვერავინ წაართმევს.

კიდევ როგორ დაისჯება პრეზიდენტი

პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის განცხადებით, "ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილს ებრძვის და მის დასჯას არა მარტო არაპირდაპირი არჩევნების დაკანონებით ცდილობს, არამედ პრეზიდენტის უფლებამოსილების "გამოშიგვნით" და ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებიდან მომავალში პრეზიდენტობის მსურველს საერთოდ არაფერი დარჩება სახელწოდება "პრეზიდენტის" მეტი.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა და ამის შესაბამისად მოხდება ცვლილებებიც. თუმცა ამტკიცებს, რომ სპეკულაციაა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეზღუდვის მცდელობაში სდებენ ბრალს ხელისუფლებას და ახლა მხოლოდ მინიმალური კორექტირება ხდება.

ეს "მინიმალური კორექტირება" კი პრეზიდენტის დარჩენილი უფლებამოსილების უდიდეს ნაწილს იწირავს.

მაგალითად, "ქართული ოცნების" ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება. დღეს მოქმედი კონსტიტუციით კი, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს.

ასევე "ქართული ოცნების" პროექტით, პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად, მაგრამ სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

ასევე, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

პლუს, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გადაკეთდება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ამოქმედდება. ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს კი სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა მიიღებს.

პლუს საუბარია, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს წარადგენს პრეზიდენტი ერთპიროვნულად, მას ამისთვის პრემიერის თანხმობა უნდა ჰქონდეს.

შურისძიება "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერის გამო

ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო თვითლუსტრაცია და იმის დადასტურება, რაც თქვა პრეზიდენტმა.

"პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილების სამიზნე არის მისი პერსონა. კობახიძემ თვითლუსტრაცია მოახდინა და ეს თავისი კომენტარით დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თუ პრეზიდენტი ჭკუით არ იქნება, კონსტიტუციას ასეთს კი არა, ისეთს დავწერ, თითქოს კონსტიტუცია მისი სადიპლომო ნაშრომი იყოს. მან პრეზიდენტის გამონათქვამებთან დააკავშირა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებები.

"კობახიძე ძალიან ჰგავს გადამწიფებულ თინეიჯერს და სწორედ გადამწიფებული თინეიჯერისთვის დამახასიათებელი სტილია ასეთი არასერიოზული და ანტისახელმწიფოებრივი კომენტარი. შეიძლება პრეზიდენტი რაღაც სიტუაციებში რაღაცას არასწორად ამბობდეს და ამის გამო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა შეიცვალოს?! ესაა წესი და სახელმწიფოებრივი აზროვნება?!" - აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის ინსტიტუტს კონკრეტული ადამიანის ჭრილში უყურებენ და ახლა ცდილობენ საერთოდ "გაფცქვნან და გამოშიგნონ ეს ინსტიტუტი, რომ ავირჩიოთ თოჯინა, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება".

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის "რუსთავი 2"-ის სასამართლო გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის რეაქცია და ახლა ცდილობს, ეს პრობლემები ვიღაცას გადააბრალოს და ჯავრის ამოყრის მორიგი სამიზნე პრეზიდენტი აღმოჩნდა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, "ოცნების" არაადეკვატური განცხადებების საბაბი იყო პრეზიდენტის პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაგრამ მიზეზი იყო სხვა.

"მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მარგველაშვილის ვერ ატანა, რის გამოც "ოცნება" დიდი ხანია დაპირისპირებულია მარგველაშვილთან. ამას კი დაემატა პრეზიდენტის მხრიდან "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერა და ის, რომ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა აქციაზე. ამის გამო გაღიზიანებაც დაემატა და საბაბად პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების კრიტიკა გამოიყენეს," - მიიჩნევს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×