გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის მიხედვით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტში მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები იქნებიან მოწვეულები და მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს შეაფასებენ.
პრემიერი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის ზღვრის წაშლა მიზანმიმართულად მოხდა.
„საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პატივს სცემს ევროპულ ინსტიტუტებს და მათ გადაწყვეტილებებს, მათ შორის „რუსთავი 2"-ის საქმეზე.
„სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია. ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არა ერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც" , - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთი ფუნდამენტია სასამართლოს დამოუკიდებლობა. მის საქმიანობაში ჩარევა და გადაწყვეტილებების უპატივცემულობა კი დაუშვებელია.
„მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება" , - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიტყვის თავისუფლება მოქმედი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით".