"ათასობით ადამიანი, რომელიც 400-500 ლარზე მუშაობს, როცა ხელმძღვანელი პირების შემოსავალი თვეში 20 000 ლარს აჭარბებს"
მარი ჩიტაია
07.03.2017

 "საქართველოს რკინიგზაში" ხელფასების სისტემა იმდენად გაუმართლებელია, რომ უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უწყებაში, რომლის სახელფასი ფონდი დაახლოებით 145 მილიონი ლარია, 10 000 ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარი იხარჯება. 50 მილიონზე მეტი ხმარდება 2000 ადამიანის ხელფასს, რომელიც "საქართველოს რკინიგზაში" წამყვან თანამდებობებს იკავებს.

იმის ნაცვლად, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და ფინანსურად მომგებიანი გახდეს, მილიონობით ლარი რამდენიმე ათეული ადამიანის კეთილდღეობას ხმარდება. ცხადია, ეს ხდება ათასობით ადამიანის შრომის ხარჯზე, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებულნი არიან, მიზერული შრომის ანაზღაურებას დასჯერდნენ.

"საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციის" თავმჯდომარე ვალერი მაყიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "საქართველოს რკინიგზა" ზარალიანი ორგანიზაცია გახდა, რაც მმართველობაში არაპროფესიონალი ადამიანების მოსვლას უკავშირდება.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა.

"საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 27 ნოემბერს ამომრჩეველთა ლიგის კიდევ ერთი დამფუძნებელი, კოკა გუნცაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც და 2013 წლიდან ამ პოსტს მამუკა ბახტაძე იკავებს.

"საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოირკვა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მამუკა ბახტაძის შემოსავალმა მიიპყრო.

კვლევამ დაადასტურა, რომ სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამში, მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში, საშუალოდ, 24 132 ლარია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურების ოდენობის დადგენა ვერ ხერხედება, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი ბახტაძის ხელფასზე მკვეთრად განსხვავებული არ იქნება.

ლიც ყოფილი რკინიგზელია და ორგანიზაციის შიდა სქემაში გარკვეულია, ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს"საქართველოს რკინიგზაში" საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"კორუფციაზე მიანიშნებს რკინიგზის სახელფასო ფონდი 145 მლნ ლარის ოდენობით. საშტატო კონტინგენტი 12 700 ადამიანია და საშუალო ხელფასი (145 მლნ: 12 700) 1150 ლარი უნდა იყოს, ანუ, "ხელზე ასაღები" 900 ლარზე მეტი. სინამდვილეში ასე არ არის, რადგან რეალურად საშუალო ხელფასი 450-500 ლარის ფარგლებშია ("ხელზე ასაღები"). ეს რიგითი რკინიგზელების გამოკითხვამ აჩვენა (გამოიკითხა დაახლოებით 250 კაცი, თბილისის, ხაშურის, სამტრედიის კვანძებში, აგრეთვე, ზესტაფონში, ზუგდიდში, ბორჯომში და სხვა). ეს ხალხი ექსპლოატაციის სტრუქტურაშია დასაქმებული და უშუალოდ კავშირშია მატარებელთა მოძრაობასთან (გადაზიდვების, სავაგონო, სალოკომოტივო, სალიანდაგო და სხვა ქვედანაყოფებში მომუშავენი, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 10-11 ათასს შეადგენს (საშტატო კონტიგენტის 80%).

გამოდის, რომ პრაქტიკოსი რკინიგზელების სახელფასო ფონდი დაახლოებით 80-90 მლნ ლარს შეადგენს საშემოსავლოს ჩათვლით, ხოლო დანარჩენი 50 მლნ ლარი სად მიდის, საზოგადოებისთვის უცნობია", - განმარტავს ვალერი მაყიშვილი.

"საქართველოს რკინიგზაში" არსებული შრომითი პირობები თანამშრომლებმა ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გააპროტრესტეს. გამოსვლები "გაერთიანებული პროფკავშირების" ინიციატივით, 2012-16 წლების ჩათვლით, სამჯერ მოეწყო. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე აცხადებს, არსებითად არაფერი შეცვლილა და დღესაც ისევე ირღვევა რიგით რკინიგზელთა შრომის უფლებები, როგორც წინა წლებში.

"ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პროტესტი ემსახურებოდა იმას, რომ "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა ხელფასი გაზრდილიყო. გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებზე მოხერხდა კიდევაც, მაგრამ დარჩა ათასობით ადამიანი, რომელიც 400-500 ლარზე მუშაობს მაშინ, როდესაც რკინიგზის დეპარტამენტში ძალიან მაღალი ხელფასი აქვთ. საშუალო თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება 5000-დან 7000 ლარამდეა, როცა ხელფასები 350 ლარიდან იწყება. საშუალო და მაღალი თანამდებობის თანამშრომლებს გაუმართლებლად მაღალი ანაზღაურება აქვთ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ქვედა რგოლში არიან, მიზერულ თანხას იღებენ", - აცხადებს გიორგაძე.

არის დამატებით რამდენიმე ისეთი პრობლემა, რაც დასაქმებულთა შრომით უფლებას უხეშად არღვევს. როგორც გიორგაძე განმარტავს, სხვადასხვა დროს მუშების პროტესტი მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით ჩატარდა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო.

"2013 წლიდან მოყოლებული, სამჯერ გაიმართა თანამშრომლების აქცია პროფკავშირების ორგანიზებით. კოლექტიური გამოსვლა გამოწვეული იყო ხელფასების მატების მოთხოვნით, თუმცა იქვე სხვა მიმართულებაზეც იყო გამახვილებული ყურადღება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პრემიები, რომელიც "საქართველოს რკინიგზაში" გაიცემა. დასაქმებულთა უმეტესობას პრემია არ ეძლევა, სამაგიეროდ ამ პრივილეგიით რეგულარულად სარგებლობენ ზედა ეშელონებში დასაქმებულები. კიდევ უფრო გაუარესებულია სამსახურში მიღება-გაშვების წესი, რაც შრომის კოდექსს ეწინააღმდეგება. სერიოზული პრობლემაა ადამიანთა შრომითი პირობების დარღვევა, პროფკავშირული ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედება და სხვა.

ამდენი ხნის ბრძოლის მიუხედავად, რკინიგზასთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ გვაქვს და არც პოლიტიკური ნებაა. დიდი თანამდებობის პირები თვითონ იღებენ უზარმაზარ სარგებელს და ბედნიერად ცხოვრობენ. მათზე კი, ვის შრომაზეც გადის რკინიგზის კეთილდღეობა, არავინ ფიქრობს. კანონის ყველა მექანიზმის გამოყენებით ვცდილობთ "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა უფლებების დაცვას, არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ შედეგს", - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

ამდენად, "საქართველოს რკინიგზაში" არსებული მდგომარეობა და რიგით რკინიგზელთა სიდუხჭირე ადასტურებს, რომ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მეურნეობის აღდგენასა და რკინიგზელთა კეთილდღეობის ამაღლებას არ ემსახურება!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×