თიკო ოსმანოვა
07.03.2017

 "რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა სტრასბურგის სასამართლოს 8 მარტის გადაწყვეტილებას ელოდება - გაგრძელდება თუ არა აღსრულების შეჩერების მექანიზმის გამოყენება. მანამდე კი როგორც ხელისუფლებას, ასევე "რუსთავი 2"-ს მოუწევს დასაბუთებული არგუმენეტების გადაგზავნა - ემუქრება თუ არა საფრთხე სიტყვის თავისუფლებას.

ამასთან დაკავშირებით გუშინ სტრსაბურგის სასამართლოში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციების რაოდენობა საქართველოდან, რაც ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ისაუბრა თუ არა სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ საქმეებზე საუბრის.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი, ისაუბროს და არც საგარეო საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გუშინ სტრასბურგში ასევე გაემგზავრნენ ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია. "რუსთავის 2"-ის ადვოკატებმა კი დამატებითი დოკუმენტები გადააგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

განცხადებაში "რუსთავი 2"-ის მხარე ევროსასამართლოს საბოლო გადაწყვეტილებამდე ითხოვდა ამ მექანიზმის გამოყენებას, თუმცა მორიგე მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის პოზიცია და საქმის გაცნობამდე 5 დღით გამოიყენა შუალედური ღონისძიების უფლება.

გადაწყვეტილების მოლოდინში

სანამ სტრასბურგის სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე 80-მდე ჟურნალისტი და 25 არასამთავრობო ორგანიზაცია სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ევროპელ მოსამართლეებს "რუსთავი 2"-ის დაცვას სთხოვენ.

"რუსთავი 2"-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა "რუსთავი 2"-ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტური გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად, ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არხი", - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს სხვადასხვა მედიასაშუალების 80-მდე ჟურნალისტი აწერს.

ჟურნალისტების მსგავსად ევროპელ მოსამართლეებს მიმართვა 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც გაუგზავნა.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (არსებითი განხილვის დასრულებამდე), გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფასებთ და პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე წარმოდგენილი იყო როგორც ორ კერძო პირს შორის ქონებრივი დავა, პროცესებმა დატოვა ცხადი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მთავარ ოპოზიციურ მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, რაც საბოლოოდ საქართველოში მედია პლურალიზმსა და დემოკრატიას დააზარალებს", - ნათქვამია განცხადებაში.

წაშლილი ზღვარი მფლობელსა და მედიაპლურალიზმს შორის?!

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ 3 მარტს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს. განცხადებები გაკეთდა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმა მიადგება ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს.

მისი თქმით, თქმით, "რუსთავი 2"-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც პრეზინდეტის აზრით, გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება.

"რუსთავი 2"-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას, ეს ერთი და მეორე, საერთაშორისო იმიჯს.

"რუსთავი2"-მა დააფიქსირა, რომ ისინი არიან პროევროატლანტიკური და პროევროპული არხი და როდესაც ვიღაცა თავისი ინიციატივით ამბობს, რომ მე ვიმუშავებ პროდასავლური ინიციატივით და გარკვეულ დაბალანსებას მოვახდენ რუსული პროპაგანდის, ესეც მნიშვნელოვანი შემადგენელია. საერთაშორისო პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია და აქედან გამომდინარე, სენსიტიურობა "რუსთავი2"-თან მიმართებაში, დარწმუნებული ვარ, იზრდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის.

მთავრობის მეთაურის თქმით, "რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

"ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე.

"რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა. სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვარის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

"თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე" - მედიაომბუდსმენი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

აღნიშნული ინიციატივა პრემიერმა არასამთავრობო სექტორს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

კვირიკაშვილის თქმით, მისი ინიციატივის მიზანია, უზრუნველყოფირი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

"ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე.

"ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც.

"სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

"აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან.

"ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის.

"მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება.

"სწორედ ამიტომ საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.

"ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის ის, რომ პრობლემის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო რეალური იქნება პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში.

"ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მისი განხილვა იქნება თანამშრომლობით კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×