ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაში არხზე სადავეების აღებას სტრასბურგის სასამართლოს განჩინებამდე ვერ შეძლებს. საქმის განხილვას კი, როგორც წესი, წლები სჭირდება, თუმცა როგორც იურისტმა ლია მუხაშავრიამ გვითხრა, ვინაიდან ევროსასამართლომ საქმეზე წინასწარი ანუ შუალედური ღონისძიება გამოიყენა, განხილვის ვადები დაჩქარდება და, შესაძლოა, საქმე 1 წელიწადში დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით 3 მარტს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. განცხადებაში "რუსთავი 2"-ის მხარე სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ითხოვდა ამ მექანიზმის გამოყენებას, თუმცა მორიგე მოსამართლემ ჯერ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის პოზიცია და საქმის გაცნობამდე 5 დღით გამოიყენა შუალედური ღონისძიების უფლება, უკვე გუშინ კი ვადა გაახანგრძლივა საქმის საბოლოო განხილვამდე.
იურისტების შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო შესაბამისი ევროპული კონვენციის მონაწილეა, ამ გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს. თუმცა ევროპულ სასამართლოს იძულების მექანიზმი არ გააჩნია, რითაც ამის შესრულებას აიძულებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით კი, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
"სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - განაცხადა გვარამიამ.
.რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით, უცნობია. მთავრობაში განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. "რეზონანსი" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
კომენტარი არ გაუკეთებია თავად ქიბარ ხალვაშსაც.
როგორც ცნობილია, 6 მარტს იგი ადვოკატთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში იმყოფებოდა და საქმეში მხარედ ჩართვის მოთხოვნით განცხადება დაწერა. ვინაიდან მისი ადვოკატიც საქართველოში არ იმყოფება, "რეზონანსმა" მასთან დაკავშირებაც ვერ შეძლო.
იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ქიბარ ხალვაშს ყველანაირი ბერკეტი გამოეცალა, მთავრობა ვალდებულია, დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"ქიბარ ხალვაშს შესაძლებლობა აღარ დარჩა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა გაფრთხილებულია, არ აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა მასზე არ მოხდება, ვიდრე საქმეს სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს.
"ასეთი ტიპის საქმეები, რომელზედაც ეს ღონისძიებაა გამოყენებული, განიხილება რაც შეიძლება ჩქარა, რადგან ევროსასამართლოს ესმის, რომ ეს განსაკუთრებული ღონისძიება არ შეიძლება დიდხანს იყოს გამოყენებული, ამიტომ მაქსიმალურად დააჩქარებენ საქმის განხილვას", - უთხრა "რეზონანსს" მუხაშავრიამ.
მისი თქმით, ევროსასამართლოში ქიბარ ხალვაში, როგორც მხარე, ვერ ჩაერთვება და დავა იქნება "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ.
"ქიბარ ხალვაში ევროსასამართლოში მესამე მხარედ ვერანაირად ვერ იქნება. იქ არის მომჩივანი და მოპასუხე კი საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად, ადრე როცა ასანიძის საქმე იხილებოდა ევროსასამართლოში, მაშინ აჭარის ხელისუფლება ცდილობდა, გამხდარიყო მოპასუხე მხარე და ამას ხელს თვითონ საქართველოს მთავრობაც უწყობდა. ისინი თვლიდნენ, რომ კანონს თავად ასლან აბაშიძე არღვევდა, თორემ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა და უზენაესმაც გაამართლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა ციხეში ყოფნას.
"ვეროსასამართლო არც კი პასუხობდა, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა ასლან აბაშიძესთან. მან ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალი იურისტიც კი დაიქირავა, თუმცა უშედეგოდ.
"ბოლოს, როცა დაინიშნა სხდომა, საქართველოს მთავრობას მისწერეს, რომ მთავრობის გარდა მოპასუხე მხარე სხვა ვერავინ გახდებოდა," - გვითხრა მუხაშავრიამ