ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, საინტერესოა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება.
„როგორც ფაქტი, არის უპრეცედენტო, ასეთ შემთხვევებში ევროსასამართლოს აღსრულების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება არასდროს მიუღია. აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, დეპორტაციას და ა.შ" , - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა.
პაატა სალია მიიჩნევს,რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ქიბარ ხალვაშის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქონებრივი დავა საქართველოს სასამართლოებში თავიდან დაიწყება.
„იმ შემთხვევაში, თუ მიჩნეული იქნება, რომ ყარამანიშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს გახდება საფუძველი, რომ ხელახლა დავიწყოთ საქართველოში, ანუ გაუქმდეს გადაწყვეტილება. თუმცა, მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ არ აუქმებს ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას" , - განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეკომპანიის მოთხოვნა, აღსრულების შეჩერების ღონისძიების გაგრძელების შესახებ, ევროსასამართლომ დააკმაყოფილა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.
ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, საქმე „ „რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ" ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა. მან „რუსთავი 2"-ის გუნდს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.