ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. ამის შესახებ მთავარ საგამოძიებო ორგანოში, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გასაჯაროებულია მხოლოდ ვიდეოჩანაწერებისა და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე წარედგინა.
„დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების,ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ. საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა „კარგ ადგილს"" , - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურატურა ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვასაც გამოეხმაურა. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერც ერთ შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.
„გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება" , - განაცხადა გამომძიებელმა ჯარჯი წიკლაურმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 108-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც მკვლელობის მომზადებას და სასჯელის ზომად, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.