რეზონანსი
08.03.2017

 სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარდგნენ. მხარეებს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად 30 წუთი ჰქონდათ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ისაუბრა. უფლებადამცველმა აღნიშნა,რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცით, ხელისუფლებას სურდა მერაბიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოეშორებინა.

ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.უფლებადამცველის თქმით, მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე გააბათილებდა.

„ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს, რომ დიახაც მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო" , - განაცხადა ოთარ კახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საუბარი გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ როდესაც ვასაჩივრებდით. დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს. თუმცა, რასაკვირველია უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას" , - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×