საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს მოუწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გვერდზე უნდა გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით, გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ"- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება"