ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს პრობლემებზე საჯაროდ საუბრისთვის სინოდის წევრებმა დასაჯეს - ის პირადად პატრიარქი ილია ||-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გათავისუფლდა, ასევე მიეცა პირველი გაფრთხილება ეკლესიის კრიტიკის გამო და "ურჩიეს" თავი შეიკავოს მედიასთან ურთიერთობაზე, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ის "სიმართლისთვის დაისაჯა" და "ეს მიკერძოებული იყო", თუმცა ის გადაწყვეტილებას "დაემორჩილება".
როგორც აღმოჩნდა, საგანგებოდ შეკრებილ სინოდის 3-საათიან სხდომაზე მთავარი თემა იმ მიტროპოლიტის გაკიცხვა-დასჯა იყო, რომელმაც საპატრიარქო მწვავედ და ღიად გააკრიტიკა.
"პატრიარქის ამოცანაა გააჩუმოს, ერთი მხრივ, საკუთარი ჯარისკაცები, სასულიერო პირები და, მეორე მხრივ, მედიაში როგორმე მოკვდეს ეს თემა - ეკლესიის პრობლემების განხილვა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომლის თქმითაც, ამ სხდომამ პირველი მიზანი უკვე შეასრულა, მეუფე პეტრე შეეცდება აღარ ილაპარაკოს და ახლა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, მედიაც გაჩუმდება თუ არა.
თეოლოგების თქმით, წესით, სინოდის სხდომის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ეკლესიაში არსებული შესაძლო დიდი კორუფცია, ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩართული სასულიერო პირები თუ სხვა დანაშაულებების გამოკვლევის აუცილებლობა.ასევე ის, როგორ და ვის მიერ ხდება ისეთი სასულიერო პირების კურთხევა, რომლებიც ამ ხარისხს არ შეესაბამებიან თავიანთი მოძველბიჭო, მომხვეჭელური აზროვნება-მეტყველებით, რაც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო თვალნათლივ აჩვენა, მაგრამ სინოდის განჩინებიდან გაირკვა, რომ არც ერთი ამ საკითხის განხილვა არც მომხდარა და ეს საგანგებო სხდომა მხოლოდ მამხილებელი მიტროპოლიტის დასასჯელად შეიკრიბა.
პირველი გაფრთხილება მიტროპოლიტ პეტრეს
47 მღვდელმთავრიდან მეუფე პეტრე ერთადერთი იყო, ვინც სინოდის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა და როგორც აღმოჩნდა, ეკლესიის შიდა პრობლემების მხილებაში 46 ეპისკოპოსიდან არც ერთმა არ დაუჭირა მხარი. მეუფე პეტრე ყველამ ერთხმად უარყო.
"უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ, ჯერ არ ვიცი, ვინ... მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის გამო უსაყვედურეს და "სამართალი იყო მიკერძოებული", რადგან არსებულ პრობლემებში მისი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა.
"არის ასეთი სიბრძნე, თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს.
"მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ, მადლი არ დავკარგო, დანარჩენი არ არის პრობლემა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მან ჟურნალისტებთან თქვა ისიც, რომ საეკლესიო წესების შესაბამისი გაფრთხილება მიიღო და ეს გაფრთხილება პირველია მისთვის. ასევე მას ურჩიეს, არ ისაუბროს მედიასთან და სჯობს "მოერიდოს" და ამ ეტაპზე "თავს შეიკავებს".
"შემდეგში კი, ქვეყანას როგორც დასჭირდება, ისე გავაკეთებ", - დასძინა მეუფე პეტრემ.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრები ტრაპეზზე შეიკრიბნენ, მიტროპოლიტი პეტრე კი საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" შენობაში მივიდა, სადაც მას თანამშრომლების ნაწილი ფოიეში ელოდებოდა. მოგვიანებით კი, თანამშრომლებმა საჯარო ერთობლივი განცხადებით პატრიარქს თხოვნით მიმართეს, მეუფე პეტრეს დატოვოს დირექტორად.
სინოდის გადაწყვეტილება
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოდან გამოსულმა ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადებიდან გახდება ცნობილი, რომელიც მალე გამოქვეყნდება და დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს.
თქვა, მხოლოდ ის, რომ "სინოდმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო" და წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
"თქვენ თუ გგონიათ, ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით, თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტადაც ვიცი საქმის არსი", - განაცხადა მეუფე ანტონმა.
მის მსგავსად საუბარი არ ისურვეს სხვებმაც და კომენტარის გარეშე ჩასხდნენ ჯიპებში, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დაწყებამდე განცხადებები უფრო მეტი იყო.
საგულისხმოა ისიც, რომ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე მღდელმთავარმა თქვა, რომ "ციანიდის საქმეზე" მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა საღამოს გამოქვეყნდა წმინდა სინოდის სხდომის განჩინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სს საქმის თაობაზეც იმსჯელეს და სინოდი გამოძიებას ენდობა.
განჩინების მიხედვით, მთავარი თემა იყო ის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და არის ცილისწამება.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქმა ილია ||-მ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რაზეც სინოდის წევრებმა იმსჯელეს.
ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს.
"მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის", - ნათქვამია განჩინების ტექსტში.
განჩინების თანახმად, მიტროპოლიტი პეტრე შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას და მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. მიეცა გაფრთხილება და ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.
რა იქნება, თუ მეუფე პეტრე არ გაჩერდება
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომის მთავარი მიზანი იყო მეუფე პეტრე გაეჩერებინათ და ეს მიზანი მიღწეულია, მიტროპოლიტის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ის გაჩერდება - "მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, პროცესები ჩაფარცხვისკენ მიდის".
ხოლო თუკი გააგრძელებს მიტროპოლიტი კრიტიკას, მას შეიძლება პრობლემები საკუთარ ეპარქიაში შეუქმნან და, მაგალითად, სალხინოს რეზიდენციით სარგებლობის უფლება აეკრძალოს კიდეც. ასევე ეპისკოპოსობა დაუტოვონ, მაგრამ მიტროპოლიტის ხარისხი ჩამოართვან.
"რაც ყველაზე ცუდია, მეუფე პეტრეს ვეტო დაადო სინოდმა. სინოდის ოქმი კანონიკური ოქმია და მისი დარღვევა უკვე საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება. მისი დასჯისკენ წინ წაიწიეს.
"თუ მის დასჯას კანონიკური სამართლით გადაწყვეტენ, ამისთვის სინოდი ისევ რიგგარეშედ შეიკრიბება, ხოლო თუ ქონების წართმევაზე იქნება, ამას სინოდი არ სჭირდება.
"შესაძლოა, საპატრიარქომ განაცხადოს, რომ რეზიდენცია პატრიარქის ძალისხმევით აშენდა და მეუფე პეტრეს არ აქვს მისით სარგებლობის უფლება. ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ აბაშის გამგეობამ ჩამოართვა წლების წინ გადაცემული "ნივა", რაც ძალიან კომიკური იყო.
"დაბალი ტიპის ფუნქციონერმა ჩათვალა, რომ მეუფე აღარ არის კარგი კაცი, რადგან პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც თქვა", - აცხადებს გამრეკელაშვილი.
მისი თქმით, ის, რომ მეუფე პეტრეს სინოდზე მხარი არავინ დაუჭირა, ეს მოსალოდნელი იყო.
"მეუფე პეტრემ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი მიაბა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეს, რომლის უდანაშაულობასაც ამტკიცებს. თუმცა სინოდის სხდომის წინა დღეს პროკურატურამ გამიზნულად გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, სადაც დეკანოზის დამნაშავეობის სამხილი არ ჩანს, მაგრამ ჩანს, რომ ის მთლად პირნათელი ადამიანი არ არის და ამ გამიზნულად გავრცელებულმა ვიდეომ დააბნია სინოდის წევრები", - მიიჩნევს გამრეკელაშვილი.
მისი განცხადებით, პრობლემაა ის, რომ პატრიარქის წარმოდგენით ყველაფერი შესანიშნავადაა, მის დროს ეკლესია აყვავდა და ამ ილუზიის დარღვევას ვერავინ ვერ გაბედავს.
ამიტომაც არ მიეცა მეუფე პეტრეს საკუთარი განცხადებების დოკუმენტური ანგარიში წარედგინა, რადგან ეს ეკლესიის რეორგანიზაციას აშკარას გახდიდა და გამოსავალი სინოდმა მის დასჯაში იპოვა და არა პრობლემატიკის განხილვაში. ამ ყველაფრის შემდეგ კი უფრო ცუდი შედეგი მივიღეთ.
"მეუფე პეტრე შეწყვეტს საუბარს, ეკლესია უფრო ჩაიკეტება, პატრიარქი კი შეეცდება ერთპიროვნული მმართველობის მოდელი უფრო გაამყაროს, თუმცა ამ ყველაფრის ბოლო ტალღა იქნება, როდესაც გამოძიება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ბოლო დასკვნებს დადებს.
"აქ შესაძლებელია საპასუხო რეაქცია ჰქონდეს ეკლესიას. ახალ პატრიარქამდე არაფერი შეიცვლება, რადგან მოქმედი პატრიარქის კარიერა აგებულია დათქმაზე და შეთანხმებაზე, რომ ჩვენ ვბრწყინდებით, ვაშენებთ ტაძრებს, ვაკურთხებთ მღვდლებს, ვშოულობთ ჯიპებს და ფულს. თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ვინც უნდა მოვიდეს, უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესია მრევლის დიდ რაოდენობას დაკარგავს", - დასძენს გამრეკელაშვილი.