ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ფასზე 24 ივლისამდე იმსჯელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები ტარიფის გადახედვას ლარის კურსის დაცემის გამო ითხოვენ. ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს „ყაზტრანსგაზმა" და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მიმართეს, ანალოგიური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ „სოკარმაც" წარადგინა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ დროისთვის უწყება არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ზუსტად რა კომპონენტების გადახედვა იგეგმება.
„მაგას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მხოლოდ გუშინ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა კომპონენტების გადახედვაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, „სემეკი" ამაზე ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ ჩვენი მხრიდან რა კომპეტენციასაც წარმოადგენს, რეგულირება და რეგულირების თემა, პარალელურად სემეკთან ერთად ვიმუშავებთ, რომ გარკვეულწილად ეს უნიფიცირებული გამჭვირვალე მიდგომის ჩამოყალიბება და მიდგომა მოხდეს," - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.