საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ განცხადება, ეუთო-ს მუდმივი საბჭოში ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა გააკეთა.
ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, ევროკავშირისა და კანადის დელეგაციამ. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.