გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის - "კონსტიტუცია ყველასია" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კამპანიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა. შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც მოხდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კამპანიის - "კონსტიტუცია ყველასია" მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მთელ საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. გამართულ კამპანიაში მმართველი გუნდის წევრებს, მოწვევის მიუხედავად, მონაწილეობა არ მიუღიათ.
უნდა მისულიყვნენ თუ არა მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "უნდა დასწრებოდნენ. ვფიქრობ, საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან რა ინიციატივებიც არსებობს, ყველა მოქალაქე, ვისაც ეს ავალია, ვალდებულია, მოისმინოს პრეზიდენტის შეთავაზება და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას. პრეზიდენტის და მმართველი გუნდის გამიჯვნა არ მესმის. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ასეთი რამ რატომ ხდება, ძალიან გაუგებარი და უცნაურია."
გია ბაღაშვილი მუსიკოსი): "საერთოდ მგონია, რომ კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელიც უთუოდ საჭიროებს განხილვას და მაქსიმალურად ფართო ჩართულობას. ამ თვალსაზრისით რაც მეტი კონსულტაცია იქნება, ცხადია, უკეთესია.
"ერთი რამ არ არის სასიამოვნო - როდესაც ჯანსაღ და პოზიტიურ თემაზე ორ მნიშვნელოვან ინსტიტუტს შორის უთანხმოებაა. ვისურვებდი, რომ საერთო ენა მეტად გამოეძებნათ."
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "ერთხელ ამაზე ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო - საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დოღია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს პრეზიდენმა, პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ მათი სრული მონოლითური ერთიანობა გვინდა. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესების საქმე. ისინი ჩვენ ავირჩიეთ, მანდატი მივეცით, ამიტომ შეთანხმდნენ, სახელმწიფო საკითხებს ნუ გადააქცევენ ყოველდღიური კინკლაობისა და დაპირისპირების საქმედ."
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): "სულ დაპირისპირებაა და პრეზიდენტის ინსტიტუტი თავისი პოზიციების დამტკიცებაშია. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა. თავისთავად დაპირისპირება არ არის სასიამოვნო. მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, მაინცდამაინც პრეზიდენტის ყველა დაძახებაზე მივიდნენ.
"ვფიქრობ, რომ არ იყო დასწრება სავალდებულო. ამით რა მოხდა?! რა უნდა თქმულიყო ისეთი, რომ ამის შესახებ არ შეიტყონ?!"
ავთო სულაბერიძე დემოგრაფი): "მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა უნდა იყოს. არ არის გამართლებული, სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ. მაგრამ პრეზიდენტს ისეთი დრო უნდა შეერჩია, როდესაც მისვლას შეძლებდნენ.
"ძალიან ძნელია პარლამენტის ან მთავრობის წევრები გაამტყუნო. თავიანთი სახელმწიფოებრივი საქმე აქვთ, ამიტომ დაკავებული არიან. გარედან ისე ჩანს, რომ მათი არმისვლის მიზეზი დროის ფაქტორი იყო. მაგრამ შემდეგ იტყვინ, რომ პოლიტიკური ნიშანი იყო.
"სკოლაში "ჯიუტი თხები" ვისწავლე. ყველაფერი მას მაგონებს, რასაც უფსკრულამდე მივყავართ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე