ხელისუფლება ვერა და ვერ თმობს "ფარული მოსმენების გასაღებს". ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. მოსმენების კანონპროექტი უკვე მეორედ ხდება დიდი ომის საგანი, სადაც ერთ მხარეს დგას მარტო "ქართული ოცნება", მის წინააღმდეგ კი დაპირისპირების მეორე მხარეს პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, მობილური კომპანიები და ექსპერტების დიდი უმეტესობაა და უკვე აშკარაა, რომ 2-ჯერ ჯიუტად მიღებული კანონი სულ მალე ისევ გასაჩივრდება, ამჯერად სტრასბურგში.
საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 31 მარტის შემდეგ, კანონის მიღებიდან, მალევე შევა. კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრები აცხადებენ, რომ "ოცნების" მიერ ხელახლა მხარდაჭერილი კანონით უკანონო მოსმენების და ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე ისევ დღის წესრიგში დგას და ამიტომაც გაასაჩივრებენ კანონს სტრასბურგში.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ დავაში საქართველოს ხელისუფლება დამარცხდება და დიდი ალბათობაა, უკვე მესამე წრეზე წავიდეს ე.წ. ფარული მოსმენების კანონის განხილვა-ომიც.
"ხელისუფლების ასეთი გაჯიუტება და პირდაპირ გეტყვით, ფეხების გაფარჩხვა, აბსოლუტურად გაუგებარია," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, "მოსმენების ეს ახალი კანონიც არის იმ ზღვარზე, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც და სტრასბურგშიც და რატომ იგდებს ასეთ მდგომარეობაში "ქართული ოცნება" თავს, ამის რაციონალური ახსნა არ აქვს.
"საკუთარ თავში პრობლემას ვერ ხედავენ. ბავშვური ფეხების ბაკუნზე არიან გადასული და ლოგიკით და ცივი გონებით არაფერს აკეთებენ. ბავშვი კი, ბოდიშით და, როდის ჩაიფსამს, ეს ხომ არ ვიცით და ასეა ჩვენი ხელისუფლებაც და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მოსდის-ხოლმე მარცხიც," - ამბობს ხუხაშვილი და პროგნოზს აკეთებს, რომ "როგორც "რუსთავი 2"-ის საქმეზე უთხრა "ოცნებას" სტრასბურგმა, უნდა გაჩერდე,შენი უსაქციელობა ზღვარს სცილდება და ერთი პატარა წერილით კუთხეში დააყენა, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მეორედ მოუწიოს კუთხეში დგომა".
2014 წელს მიღებული და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული ე.წ. მოსმენების კანონი მმართველმა ძალამ ცოტათი შეასწორა და დაახლოებით ძველი შინაარსით 1-ლ მარტს ხელახლა მიიღო და მეორე წრეზე დიდი ომიც და ურთიერთბრალდებებიც ამის შემდეგ ხელახლა იწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მათ კანონი 6 მარტს გადაეგზავნა და 10 დღის ვადაში უნდა გაეცეს პასუხი, მოიწონა პრეზიდენტმა ახალი, შესწორებული ვარიანტი, თუ კანონს მეორეჯერაც დაადებს ვეტოს.
უკვე გაცხადდა, რომ გიორგი მარგველაშვილს შენიშვნები ისევ აქვს და განხილვაზე საპარლამენტო ფრაქციებს ეპატიჟება. თუმცა "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ კონსულტაციების მიზეზს ვერ ხედავს და პრეზიდენტთან აუდიენციასაც არც აპირებს.
მათი თქმით, მიღებული კანონით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალი სააგენტო იქმნება, მოსმენების გასაღები ამ სსიპ-ს გადაეცემა, რაც კონტროლს აძლიერებს. ამიტომაც საკამათო და განსახილველი არაფერია. უფრო მეტიც, "ოცნების" ლიდერები მიანიშნებენ, რომ პრეზიდენტი კონფლიქტურ ვითარებას ხელოვნურად ქმნის.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, "არსებობს წესები, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს და არ იმუშაოს იმაზე, რომ კონფლიქტური და დაპირისპირებული ვითარება შეიქმნას".
თუმცა ასე ფიქრობს მხოლოდ "ოცნება" და მასთან აფილირებული ექსპერტები. საზოგადოების უმეტესობისთვის კი, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა უკანონო მოსმენები, ამის რისკი ახლაც არსებობს და ამ კანონპროექტის მიღება დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ 1-ლ მარტს მიღებული კანონით ფარული მოსმენების განსახორციელებლად იქმნება ახალი უწყება - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და ის დაექვემდებარება სუს-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს).
უწყების ტექნიკურ აღჭურვასა და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სწორედ სუს-ის ხელში მოსმენების "გასაღების" დატოვებას აპროტესტებს ყველა.
"ჩვენი აზრით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ თითქოს რაღაც დამოუკიდებელი სააგენტო იქმნება," - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
დიდი მოლოდინია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტზე ხელმეორედ დაადებს ვეტოს და ასევე მოლოდინია იმისიც, რომ "ოცნება" შენიშვნებს არ გაიზიარებს და ამ ვეტოს დიდი მონდომებით დაძლევს, ისე როგორც არაერთხელ მომხდარა. მაგრამ ყველაფერი ასე არ დამთავრდება. კანონის ძალაში 31 მარტს უნდა შევიდეს და ამის შემდეგ ის მეორედაც გასაჩივრდება, ამჯერად არასამთავრობო სექტორი ევროსასამართლოსთვის ეზმადება.
პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძის თქმით კი, გიორგი მარგველაშვილის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ კანონზე საზოგადოებისთვის ცნობილია და პროგნოზირებს, რომ მორიგ ვეტოს ვიხილავთ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, გვქონდა ფართო კონსულტაციები, როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე ბიზნეს სექტორთან. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ის შენიშვნები, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტის ვეტოში იყო გამოხატული, მაგრამ ეს ვეტო იქნა დაძლეული, შემდგომ ის, დირექტივები და რეკომენდაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნა ასახული, ვფიქრობთ, რომ არ არის ასახული დღევანდელ შემოთავაზებულ კანონპროექტში და აქედან გამომდინარე, მეც საზოგადოების ნაწილთან ერთად მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა იყოს პრეზიდენტის ვეტო", - განაცხადა ჩიხრაძემ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ვერ თმობს და აქვს განზრახვა ყველას უსმენდეს, ეს შეიძლება ბევრად უფრი ჭკვიანურადაც გააკეთონ, ისე, რომ ხელისუფლებას მუდმივად წითელი ნაჭერი არ უფრიალონ წინ, მაგრამ იმდენად არაკვალიფიციურები და ინფანტილურები არიან, რომ თეთრი ძაფით კერავენ ყველაფერს, რაც განსაკუთრებით სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებს.
ხუხაშვილი აცხადებს იმასაც, რომ "ქართული ოცნების" წევრები მას ტელეფონით არასდროს ელაპარაკებიან, მხოლოდ ფარულად ხვდებიან და გათიშული ტელეფონებით ელაპარაკებიან სწორედ იმის გამო, რომ განცდა აქვთ სუს-ი უსმენს და ამის ფონზე მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეთ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.
"ფაქტობრივად შენიღბვასაც კი არ ცდილობენ იმისა, რომ არაფრის შეცვლა არ უნდათ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელისუფლების მხრიდან რაციონალიზმიც არ ჩანს. იმიტომ, რომ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს ცალკე რომ დაელაპარაკოთ, ყველა გეტყვით, რომ მათ იციან, რომ უსმენენ. მეტსაც გეტყვით, მე ხელისუფების წარმომადგენლები ტელეფონში არ მელაპარაკებიან. თუ რამის თქმა უნდათ, კონფიდენციალურ შეხვედრას მთხოვენ და გათიშული ტელეფონებით ჩურჩულით მელაპარაკებიან.
"ეს ხომ უკვე მაზოხიზმია? როცა განცდა გაქვს, რომ ვიღაც გისმენს და თან შენიანი, რატომ უნდა გსიამოვნებდეს ეს?! რატომ არ უნდა ცდილობდე ეს ყველაფერი მოაწესრიგო და ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციურად ჩახურო?! რა ლოგიკას ექვემდებარება ეს ყველაფერი, ჩემთვის გაუგებარია", - ამბობს ხუხაშვილი.