რეზონანსი
12.03.2017

 ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქცია ღამის 11:00 საათის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა. დემონსტრანტებმა დაწვეს ქუჩებში გაჩერებული ათობით მანქანა, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის შენობები, რკინის ჯებირები, საგზაო ნიშნები და ნაგვის ბუნკერები.

პროტესტის ნიშნად ხელკეტებით და ქვებით დაამტვრიეს პოლიციის რამდენიმე ავტომობილიც.სამართალდამცველებმა მათი ნაწილი დააკავა.ვითარება ქალაქში დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა.

აქციის დაშლისას დაშავებულები ღამით ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით მოწამვლა აღენიშნებოდათ. მკურნალობის ჩატარების შემდეგ, დაშავებულები სახლებში გაწერეს.

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს ინტოქსიკაცია აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გუშინ საავადმყოფოში პოლიციის 6 თანამშრომელი გადაიყვანეს.ამ დროისთვის კლინიკიდან ყველა მათგანი გაწერილია.

აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო, 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და პოლიციელების გათავისუფლება მოითხოვეს.პოლიციის შენობის ეზოში იყო გამაგრებული სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×