რეზონანსი
12.03.2017

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუშინ ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად, სულ 40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. გიორგი მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს მორიგი აქციის გამართვისგან თავი შეიკავონ.

„მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა. სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება" , - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბათუმში საპროტესტო აქცია სამოქალაქო პირების დაჯარიმებით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მასობრივი აქციის გამომწვევი მიზეზი მოქალაქეების დაჯარიმება და დაკავება არ ყოფილა და ამ საკითხზე უფრო სიღრმისეული გამოძიებაა ჩასატარებელი. გიორგი მღებრიშვილი მომხდარს ვანდალიზმს უწოდებს და პირობას დებს,რომ არეულობის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი დაისჯება.

„გამოძიების ფარგლებში ყველაფერი დადგინდება. არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს იყო უფრო მიზეზი და ვფიქრობ სიღრმეებშია ჩასახედი. პირობას ვდებ თუკი ვინმეს თავში იხარშება, რომ ვინმე აპირებს გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს, თორემ პოლიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ადეკვატურ ძალას და პროფესიონალიზმს, არ დაუშვებს საქართველოს არც ერთ კუთხეში, არც ერთ რეგიონში მსგავს არეულობას" , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ქალაქში ამ წუთებში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×