ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებულებიდან, საავადმყოფოში ერთი მოქალაქე, 39 წლის კაცი რჩება. მას თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას სახლში აგრძელებენ. როგორც ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მას აქვს გარკვეული პერიოდი, რომ ოპერაცია დაგეგმოს.
სხვადასხვა დაზიანებებით სულ სტაციონარს 34-მა ადამიანმა მიმართა. მათ შორის 15 სამართალდამცველი იყო, რომლებსაც ჭრილობები და ტრავმები თავისა და სახის არეში ჰქონდათ მიყენებული. აქციის მონაწილეებს კი ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.
ბათუმში ვითარება 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.
აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქციაზე მოგვიანებით სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეთა დაშლა შაშხანებით და ცრემლსადენი გაზით დაიწყო.