მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდა. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ბრალდებულის ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პროკურორის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ გიორგი მამალაძემ რამე მიზეზის გამო უარი თქვას დაკითხვაზე, თუმცა დეკანოზს გამოძიების კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან მოუწევს.
„ მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ რა თქმა უნდა, დღესაც რამე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, მათ შორის ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიებისა და შეძენის თაობაზე" , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დაკითხვის განახლებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.
დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას დეკანოზთან ე.წ კრიტიკული შეკითხვები აქვს, თუმცა უფლებადამცველებისთვის მათი შინაარსი უცნობია. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დეკანოზ მამალაძეს უკვე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს გაცემული, ამიტომ დაკითხვის მოტივი მათთვის გაუგებარია.