ვახტანგ შამუგია
13.03.2017

 ბათუმში 12 მარტის ღამით მომხდარ არეულობაში ქვეყნის ხელისუფლებამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპარლამენტო ოპოზიციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვალს დაუწყო ძებნა. მათი აზრით, ქაოსი წინა ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა.

თავიანთ არგუმენტს ისინი იმ ვიდეომასალებითაც ამყარებენ, რომელზეც დემონსტრანტებთან მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან დაფიქსირებული. მათი თქმით, ის, რომ დებოშიორები პოლიტიკურად ანგაჟირებული იყვნენ და მიმდინარე პროცესები წინასწარ იყო დაგეგმილი, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტებიდან და განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბათუმში მიმდინარე მოვლენების პარალელურად თბილისსა და რუსთავში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმელების მხარდამჭერი მშვიდობიანი, მცირერიცხოვანი აქციები გამართეს.

არეულობაში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.

"ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია -"ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში."

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ხელისუფლებას უუნარობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.

"ხელისუფლებას აქვს ცდუნება, გადააბრალოს ოპოზიციას და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ მგონია, რომ ისინი იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ რეალურად გამოიძიონ, რა მოხდა. ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, რადგან გუშინ არ იკვეთებოდა დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან. ნაცვლად პოლიტიკური თამაშებისა ხელისუფლების მხრიდან, მოვუწოდებ, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ, რომელიც შეიძლება გაცილებით დიდი პრობლემის შემქმნელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

საზოგადოების ყურადღება მიიქცია აქციაზე "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩხვირკიას გამოჩენამაც. მან პოლიციელებს ულტიმატუმი წაუყენა და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და შსს-დან მისი გათავისუფლება მოითხოვა. ის, ასევე, არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვდა შს მინისტრთან შეხვედრას და მისგან აქციის მონაწილეებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. თავად ჩხვირკია ამბობს, რომ ის ბათუმში იმყოფებოდა როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებდა."მე არ ჩავსულვარ "თავისუფალი ზონის" სახელით. არავინ აპირებდა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის სახელის ხსენებას. აქციაზე იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც და საერთოდ არ იყო ეს პროტესტი ვინმეს მიერ ორგანიზებული! მე გავიზარდე აჭარაში და ჩემი ძმაკაცები განიცდიან პოლიციის უფროსისგან უკანონო ზეწოლასა და წნეხს. სწორედ გულწრფელი ემოცია და გულწრფელი გაბრაზება მამოძრავებდა და არავითარი პარტიული ან პოლიტიკური ზრახვები არ მქონდა! მეტიც, საერთოდ არ ვპასუხობდი პარტიიდან გაბრაზებულ და აღშფოთებულ ზარებს, ვიცოდი, რისიც ეშინოდათ და რასაც მეტყოდნენ.

"სწორედ ჩემი ჩასვლის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება და იმ რამდენიმე ნასვამი ამბოხებულის დაშოშმინება, ვინც აქციის პატიოსან და გულრწფელად აღშფოთებულ მონაწილეებს უწევდა დისკრედიტაციას. არსებობს კადრებიც და ვიდეომასალაც, გადაღებული ჩემს მისვლამდე და ჩემი მისვლის შემდეგ და შეგიძლიათ გაშიფროთ ჟურნალისტებმა! გამოკითხოთ აქციის მონაწილეები და გაიგოთ, რა და როგორ იყო. პოლიციამ დამშვიდებული და ერთ ჯგუფად შეკრული პატიოსანი მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია დაშალა ზუსტად იმ დროს, როდესაც ამოიწურა ულტიმატუმის ვადა," - ამბობს ირაკლი ჩხვირკია.

აქციის მთავარ ორგანიზატორად კი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მერაბ ღოღობერიძეს მიიჩნევენ, რომელიც თავის თავს უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარმოშობით გორელი აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კახაბერ ბუხრაძე პირად საუბრებში აჭარლებს "თათრებად" მოიხსენიებდა. თუმცა ამის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება ღოღობერიძეს არ აქვს.

ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 9 მარტსაც გამართა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ბოლო პერიოდში ჰომოფობიურ ქმედებებსა და აგრესიულობაზე, აგრეთვე მძღოლების უკანონოდ დაჯარიმების გახშირებულ შემთხვევებზეც ისაუბრა.

მანვე საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, სადაც საპატრულო პოლიციის მანქანა საგზაო მოძრაობის წესს უხეშად არღვევდა. მისი მტკიცებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს 50-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 და 400-ლარიან ქვითრებს უწერდნენ. ღოღობერიძის თქმით, ის აქციის ორგანიზატორი იყო, თუმცა მომხდარ არეულობაზე მიზეზთა გამო პასუხისმგებლობას არ იღებს.

"მეც ვიმყოფებოდი და ვაკვირდებოდი სიტუაციას, რომ არ გადაზრდილიყო ესკალაციაში. მოვითხოვე, გათავისუფლებულიყვნენ უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები. მოვითხოვე, ვინმე ხელისუფლებიდან გამოსულიყო და გაეკეთებინა განცხადება, რომ ესკალაციამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ჯერ უნდა დაშლილიყო აქცია და მერე გაათავისუფლებდნენ.

"მე ვერ მივიდოდი და საზოგადოებას ამას ვერ ვეტყოდი, იმდენად აღშფოთებულნი იყვნენ. გუშინ ვიღაცა ხელს უწყობდა იმას, რომ ვიღაცას დაბრალებოდა ეს საქმე და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. გუშინდელის მერე იწერება, რომ მერაბ ღოღობერიძე იყო ორგანიზატორი. თუნდაც ერთი ავტომობილი რომ დაწვეს, შესაბამისი რეაგირება უნდა ყოფილიყო. მე იმ შემთხვევაში ვიქნებოდი დამნაშავე, რომ ეს ყველაფერი დამეგეგმა და მოწოდებები გამეკეთებინა," - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა.

"ეს ჩვენი ქვეყანაა, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველას, ვინც წინააღმდეგია იმ საქციელის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, მშვიდობიანი აქციით ხვალ, 18:00 საათზე ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ მათ, რამდენი ვართ. ვთქვათ ჩვენი სიტყვა და ვთქვათ ის, რაც გასაკეთებელია. ჩვენი მიზანია, ყველაფერი მშვიდობიანად გავაკეთოთ," - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

ბათუმში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დეტალურად შეისწავლის ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ ბუხრაძის მიმართ ისმის.

"შესაძლებელია ვინმეს მისამართით ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია. ჩემ მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც ბუხრაძის მისამართით გამოთქვამენ. მე არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ," - თქვა მინისტრმა.

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ.

"სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მძაფრ გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს. საფრთხე არ შეუქმნან მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხერხდა," - თქვა ნანუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×