პოლონეთის პროკურატურამ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. გამოძიებას ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან კითხვები პოლონეთის კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას, „radiopolsha.pl" ავრცელებს.
საქმე ეხება 2010 წლის მოვლენებს,პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელებს,რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. 2016 წლის დეკემბერში პოლონეთის პროკურატურამ სამხედრო კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წაუყენა. იმ დროს დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერმინისტრი იყო.
დონალდ ტუსკს პროკურატურის უწყისი უკვე გადასცეს, თუმცა, მისი პრესსპიკერი ამბობს, რომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელი 15 მარტს დაკითხვაზე ვერ მივა, რადგან ამ დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის.
გასულ კვირას, დონალდ ტუსკი, ვარშავის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მას პოლონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა 2007-2014 წლებში ეკავა.
პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლებმაც ვარშავაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროპის საბჭოს პრეზიდენტად დონალდ ტუსკი აირჩიეს.