"ამგვარი ვითარება კიდევ ბევრია მოსალოდნელი სხვაგანაც"
ეკატერინე ბასილაია
14.03.2017

 ბათუმის 11-12 მარტის 12-საათიანი უმართავი თუ ვინმეს მიერ მართული აგრესიის შემდეგ პოზიცია-ოპოზიცია ისევ ერთმანეთისკენ თითის გაშვერასა და ურთიერთბრალდებებში არიან, ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა აგრესია დაგროვდა და ახალგაზრდებმა დაიწყეს გამოსვლები, უფრო აგრესიული, ვიდრე ამას მიჩვეულები ვიყავით და სამომავლოდ ახალგაზრდების მიერ კიდევ არაერთ ამგვარ სახიფათო, ქვებით და ცეცხლის წაკიდებით აგრესიას პროგნოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ უმართავ აქციაში გადაზრდილი პროცესის მთავარი პათოსი იყო, რომ გორელი რატომ უნდა ინიშნებოდეს აჭარის ავტონომიაში საპატრულო პოლიციის უფროსად, რომელმაც თურმე სადღაც აჭარის მოსახლეობა "თათრებად" მოიხსენია (რასაც ჯერ არც ერთი თვითმხილველი არ ჰყავს) და ამხელა ჯარიმებით და ასე მკაცრად რატომ უნდა აჯარიმებდნენ ადგილობრივ მძღოლებს.

"ოცნება" მთ "ნაციონალები"

შს სამინისტროს 12 მარტის ბათუმის ქაოსის ორგანიზატორები და შემსრულებლები ჯერ არ გამოუვლენია და, შესაბამისად, არც ვინმე დასჯილა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის პრემიერის, ვიცე-პრემიერის თუ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან არეულობის მოწყობაში უკვე ღიად დადანაშაულებულია "ნაციონალური მოძრაობა".

თავად დარჩენილი თუ ახალ პარტიაში გაერთიანებული "ნაციონალები"კი ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ დიდ დაპირისპირებას უკავშირებენ მომხდარს და ირწმუნებიან, რომ აჭარის სუს-სა და შს სამინისტროს ცენტრალურ ოფისს შორის დაპირისპირების გამო არ იმოქმედა მმართველმა ძალამ შესაბამისად და არ დაშალა აგრესიაში გადასული საპროტესტო აქცია დროულად.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს "ნაციონალების" ვერსიას შიდა კლანურ დაპირისპირებაზე და ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ ვერსიით მხოლოდ თავს იმართლებს.

მისი თქმით, "გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ და შედეგებით გავიგებთ, თუ ვინ გამოიკვეთება, ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში, თუმცა იქვე დარწმუნებით ამტკიცებს "ნაციონალების" ჩართულობას.

ამბობს, რომ აქციის შესახებ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს "ნაციონალების" და ამ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფის, "თავისუფალი ზონის" ჩართულობა-აქტიურობა და მეორეც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოლიდარობა გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც ქვებით იყვნენ შეიარაღებულები და მანქანებს წვავდნენ.მისი თქმით, "გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ და შედეგებით გავიგებთ, თუ ვინ გამოიკვეთება, ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში, თუმცა იქვე დარწმუნებით ამტკიცებს "ნაციონალების" ჩართულობას.

ამბობს, რომ აქციის შესახებ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს "ნაციონალების" და ამ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფის, "თავისუფალი ზონის" ჩართულობა-აქტიურობა და მეორეც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოლიდარობა გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც ქვებით იყვნენ შეიარაღებულები და მანქანებს წვავდნენ.

"დასრულდა დრო, როცა "ნაციონალური მოძრაობა" თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად", - ამბობს თალაკვაძე.

ის მიიჩნევს, რომ უახლეს ისტორიაში შეიქმნა მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად. არ გადაამეტა ძალას და ისე აღკვეთა ძალადობა, რომ არც ერთი ადამიანისთვის ზედმეტი ძალის გამოყენებით არ მიუყენებია ზიანი.

"ნაციონალებიდან" კი ბრალდებები "ოცნების" მიმართ გაისმის. "აჭარაში ძალოვნებმა მმართველობის სფერო ვერ გაიყვეს და ვითარება გაექცათ ხელიდან - ის, რაც ბათუმში ვიხილეთ, მათ შორის არსებული კლანური დაპირისპირების გამოვლინება იყო", - ამბობს ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც ასევე განმარტავს, რომ პარტიამ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ გამოხატა, რომელთაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ და ბარბაროსულ აქციებს ემიჯნებიან.

პარტიის ლიდერი ნიკა მელია კი თალაკვაძეს მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო უტიფარ და უსირცხვილო პოლიტიკოსს უწოდებს. აცხადებს, რომ ხელისუფლება უმოქმედო იყო და "ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად განადგურებულიყო ის ცენტრალური ქუჩები, სადაც მოხდა ეს ვანდალური აქტი".

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მერაბ ღოღობერიძე, სუს-ის ცნობილი ზონდერი, რომელიც თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და, ამდენად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ აქციის ორგანიზებაში მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართული ღოღობერიძესთან ერთად.

მისი თქმით, მართალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას, გამოეყენებინა პროტესტის ტალღა, ის ვერ გაერკვა ვითარებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი მათ უნდა შეაწმინდოს.

ცისკარიშვილი: "ხალხის სოციალური პროტესტი იყო, ვიდრე ცეცხლი გაიხსნებოდა"

"ხალხი ქუჩაში სოციალურმა პროტესტმა გამოიყვანა. როდესაც წლების განმავლობაში ადამიანებში უკმაყოფილება და ბოღმა ინახება, ის უსათუოდ ამოხეთქავს, მაგრამ ეს არის მიზეზი", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, აქამდე სოციალური პროტესტი იყო მდუმარე პროტესტი თითოეულ გამწარებულ ადამიანში. ახლა კი მოხდა ის, რომ გამოჩნდა ისეთი საბაბი, რასაც ჰქვია მძღოლების და პოლიციის დაპირისპირება.

ავტონომიურ რესპუბლიკას არ მიეცა საშუალება, საკუთარი კადრებით დაეკომპლექტებინა საპატრულო პოლიცია და შემოყვანილი იქნა გორის რაზმი, რასაც დაემთხვა ჯარიმების არნახული გაძვირება და უდიერი მოპყრობა პოლიციის ნაწილის მხრიდან.

"როდესაც 100 და 200-ლარიან ჯარიმას უწერ მანქანის არასწორად გაჩერების გამო ადამიანს, რომელსაც 100 ლარი ერთად არ უნახავს, ეს უდიდესი დარტყმაა. ამიტომაც ეს უდიერი დამოკიდებულება გადაიზარდა სრულ მიუღებლობაში და ეს იყო დაგროვილი უკმაყოფილების ამოხეთქვის ერთ-ერთი საბაბი", - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

ამბობს, რომ ხალხის პროტესტი იყო, ვიდრე ცეცხლი გაიხსნებოდა. შემდეგ ეს არ იყო აქცია, ეს იყო მცდელობა, სერიოზული ზიანი მიეყენებინათ ქართული სახელმწიფოსთვის, რაც ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც ამ იდეის ავტორებმა.

როდესაც საქმეში მოლოტოვის კოქტეილები გამოჩნდა, აქ მოუმზადებელ და დაუგეგმავ სქემაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ასეთ ბოთლებს შემთხვევით ვერ წააწყდები. თუმცა ვინ იდგა ამ გაუგონარი ამბოხის უკან, ამაზე პასუხს ის გამოძიებისგან ელოდება.

"პირველივე ფრაზებიდან ყველაფრის "ნაციონალებზე" გადაბრალება ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. დაგვეცადა რამდენიმე დღე და ამ დღეების განმავლობაში თუ მოიძიებდნენ დამაჯერებელ სამხილებს, შემდეგ გაეკეთებინათ განცხადებები. დღეს ეს მხოლოდ ცილისწამებას ჰგავს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

თვლის, რომ შედეგის მიხედვით, ხელისუფლებამ კარგად იმოქმედა და არც ერთი მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ ხიფათი ჩავლილი არ არის და თუნდაც აჭარაში არსებობს ბევრი თემა, რაც მომავალში შეიძლება გახდეს უკმაყოფილების ახალი ტალღის გამომწვევი.

"მეთევზეებს პრაქტიკულად თევზაობის საშუალება არ ეძლევათ და თევზის უზარმაზარი რაოდენობა თურქული ტრაილერებით თურქეთში გადის, თევზი გაძვირდა, რადგან ის აღარ მოიპოვება. ასეთ პირობებში უმუშევრობაც იზრდება და სიღატაკეც მატულობს", - დასძენს ცისკარიშვილი.

ძაბირაძე: ამგვარი ვითარება კიდევ ბევრია მოსალოდნელი სხვაგანაც

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სულ იყო ჩივილი, ქუჩაში ისევ საშუალო თაობა გამოდის და ახალგაზრდები დუმანო. ახლა კი ვხედავთ, რომ უკვე ახალგაზრდები გამოვიდნენ, მაგრამ ისინი გამოვიდნენ სხვაგვარად, გაცილებით რადიკალურად, ვიდრე მათი თაობა გამოდიოდა და პროგნოზირებს, რომ რადიკალიზმი გაგრძელდება.

მისი თქმით, ბათუმში ჩვენ ვნახეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტის, დაჯარიმებისა და ამ ჯარიმის სიდიდის გამო ხალხის გამოსვლა და პროტესტის უკიდურეს ფორმაში, ქუჩის ამბოხში გადაზრდა, რაც აჩვენებს, რომ საქმე რთულ ვითარებასთან გვაქვს.

მოსახლეობაში უიმედობის განცდაა, რადგან ვერც სამართლიანობის აღდგენა მოხდა და ვერც სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება-გაჯანსაღება. ამ ფონზე კი ხელისუფლებამ მოსახლეობაზე შეტევა დაიწყო, თუნდაც არაადეკვატურად დიდი ჯარიმებით. ამიტომაც ხვალინდელი დღის იმედი ფაქტობრივად გაქრა და ამასთანავე დაგროვდა აგრესია, რომელიც გამოსავლის ძებნას იწყებს.

"ბათუმამდე სხვადასხვაგან სიმპტომები უკვე ჩანდა. გავიხსენოთ, რომ პროტესტი ნელ-ნელა იწყებოდა და ეს ბათუმიდან არ დაწყებულა. ჩვენ ვნახეთ "აუდიტორია 115"-ის გამოსვლები, "აუდიტორია 115"-იც ახალგაზრდობაა, რომლებიც ტელევიზიაში შეიჭრნენ და ასევე შეიჭრნენ "პალიტრას" გამომცემლობაში. ასევე ისინი მონაწილეობდნენ რუსთავის მუშების აქციებში.

"ახალგაზრდობას რადიკალიზმი ისედაც ახასიათებს და მით უმეტეს, ამას არსებული ფონი იძლევა. როდესაც ახალგაზრდებს სხვა ასპარეზი არ აქვთ, დასაქმება მარტო სოციალური ფაქტორი არ არის, დასაქმება თვითრეალიზების მექანიზმია და თუ ადამიანს თვითრეალიზების საშუალება არ აქვს, თავისი თავი რაღაცაში ხომ უნდა გამოხატოს და ეს გამოიხატა ქუჩაში", - მიიჩნევს ძაბირაძე.

მისი თქმით, "თუ ხელისუფლება მართლა ფიქრობს, რომ ეს ვიღაცის პროვოცირებულია და მხოლოდ პროვოცირებას შეუძლია, ასეთ დონემდე მიიყვანოს მოსახლეობა, მაშინ ხელისუფლება რეალურ სიტუაციას ვერ აღიქვამს და საქმე ცუდად გვქონია.

"თუ ხელისუფლება რეალური მიზეზების დადგენას არ დაიწყებს და არ გაითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ეს ცუდ შედეგს მოიტანს.

"არ მგონია, ეს ან შიდა დაპირისპირების გამოძახილი იყოს, ან "ნაციონალების" მართული პროცესი, ჩვენ გვახასიათებს მოდაზე ფეხის აყოლა. ის, რაც ბათუმში ხდებოდა, ევროპის ქვეყნებში ტელევიზიით გვინახავს.

"როდესაც ჩვენ გამოვდიოდით ქუჩაში, საბჭოთა სისტემის განცდა მოგვდევდა, ახლა ახალგაზრდობა გამოვიდა და ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ მანერებს იღებენ, რაც დღეს პარიზში თუ სხვაგან ხდება.

"თან არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კრიმინალური საზოგადოებაც და ასევე არიან კიდევ დაინტერესებული სხვა ქვეყნის სამსახურებიც, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, ამგვარი რამ სათავისოდ გამოიყენონ", - აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგის თქმით, ნურავის ნუ ეგონება, რომ რადგან დღეს ბათუმის ქუჩა დაწყნარდა, ყველაფერი დასრულდა.

"სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლებას მომგებიანი სვლა არ გააჩნია. რამდენიც უნდა ილაპარაკოს, დავსჯითო, თუ ეს სასჯელი ძალიან მკაცრი იქნება, შეიძლება ახლა პროცესი შეაჩეროს, მაგრამ ხვალ გაორმაგებული ძალით იფეთქოს პროტესტმა.

"მეორე მხრივ, თუ რეაგირება არ მოჰყვება, შეიძლება მაშინ რადიკალურმა ჯგუფებმა იფიქრონ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ამიტომ ხელისუფლება დილემის წინაშეა, არც სუსტი არ უნდა გამოჩნდეს და არც დიქტატურისკენ წავიდეს.

"ჯერჯერობით ეს პროცესი რეგულირებადი არ არის. ის, რომ ქუჩაში დღეს არავინ გამოდის და სიმშვიდეა, არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. პროცესი მიდის.

"ხელისუფლებამ ასე თუ ისე შეძლო ღირსეულად გამოსვლა, მაგრამ ეს ერთი ეპიზოდია, წინ კი მთელი პროცესია. ამგვარი ვითარება კიდევ ბევრია მოსალოდნელი სხვაგანაც. ეს სხვაგანაც აუცილებლად იქნება", - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×