ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ პირებს, მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს, სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ერთ-ერთი მოქალაქის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ხვალისთვის გადადო.
დაკავებულები სასამართლო განხილვის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ აქციას კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავდა და იქ თავისი ინიციატივით მივიდნენ.
დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით აქვთ წაყენებული,რომლებიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე ავტომანქანა დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.