რა მოხდა ბათუმში, იყო თუ არა სიტუაცია პროვოცირებული და რა მოწოდებები ისმოდა აქტივისტებისგან? - ეს ის კითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ამ ინფორმაციის მიღებას "რეზონანსი" უშუალოდ აქციის შემსწრე პირისგან შეეცადა, რომელიც მოვლენებს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა.
ის ამბობს, რომ პროტესტი დაახლოებით დღის 5 საათზე დაიწყო და თავიდან მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა.
"სამართალდამცავების მიმართ მოქალაქეებში პროტესტი 2 თვის განმავლობაში იყო დაგროვილი. ამბობდნენ, გორელი პატრულის თანამშრომლები არიან ჩამოსულები და "თათრებს" გვიწოდებენო. თავიდან ეს იყო მშვიდობიანი აქცია პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 2000-3000 ადამიანი იყო. შემდეგ უკვე აქ დააკავეს 2 პირი არასწორი პარკირების გამო. როგორც ისინი ამბობდნენ, 10-ლარიანი ჯარიმა გვეკუთვნოდა და 50-ლარიანი დაგვიწერესო, რასაც წინააღმდეგობის გაწევის გამო კიდევ რამდენიმე მოქალაქის დაკავება მოჰყვა. აქტივისტებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და დაკავებულების გამოშვებას ითხოვდნენ," - ამბობს "რეზონანსის" წყარო, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა.
მისი თქმით, სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა მთავარი სამმართველოსკენ წასვლა გადაწყვიტეს.
"ისინი მიდიოდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე შემდეგი შეძახილებით: "გორელი ჩვენ ვერ დაგვჩაგრავს", "როგორ უნდა გვიწოდის ჩამოთრეულმა "თათარი" და ა.შ. ითხოვდნენ სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გადადგომას, რომელიც ასევე გორელია."
ამბობს, რომ აქტივისტები სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ, თუმცა პოლიციას მათ მიმართ ძალა არ გამოუყენებია.
მსვლელობაში მონაწილეთა შორის იყვნენ არასრულწლოვნები, მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსულები და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირებიც.ის, რომ აქტივისტთა ნაწილი ბათუმელი არ არის, მიმდინარე სასამართლო პროცესიდანაც ირკვევა, სადაც ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მაჭახელას ხეობაში სპეციალურად იქირავეს მიკროავტობუსი, რათა აქციაზე ჩამოსულიყვნენ. თუმცა ჩამოსვლისა და აგრესიის მიზეზის განმარტება უჭირთ.
"დაახლოებით 12 საათისთვის მოქალაქეები ცდილობდნენ სამმართველოს ეზოში შეჭრას და, სავარაუდოდ, საამმართველოს გორელ უფროსთან შეხვედრას. სამართალდამცავები ამის ნებას არ აძლევდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა ქვები დაუშინეს სპეცრაზმის თანამშრომლებს, რაზეც მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხეს და მომიტინგეები დროებით დაშალეს," - ამბობს "რეზონანსის" წყარო.
მისივე ინფორმაციით, სიტუაცია გვიან ღამით კიდევ უფრო დაიძაბა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს.
"7 მანქანა დაწვეს, აქედან ნაწილი იყო სამართალდამცავების, ორი კი უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატების, მათ შორის იყო ცოტნე ანანიძის ავტომობილიც.
"მომიტინგეები სამართალდამცველებს ტროტუარებიდან აღებულ ფილებს ესროდნენ, დააზიანეს შუქნიშნები, გზაგამყოფი დეკორატიული ღობეები. ისინი აგრესიულები იყვნენ მედიასაშუალების წამომადგენლების მიმართაც," - აცხადებს "რეზონანსის" წყარო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც აქციის მონაწილეები თითქოს სიტყვა "საქართველოსთან" მიმართებით უცენზურო გამონათქვამებს იყნებენ. ამაზე "რეზონანსის" წყარო განმარტავს, გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბევრს ერთმანეთში აერია სიტყვები "საქართველო" და "სამმართველო", სინამდვილეში კი გინების ადრესატი იყო პოლიციის სამმართველო.
სპეცოპერაცია დაახლოებით დილის 6 საათზე დაიწყო, რა დროსაც აღმოსავლეთიდან დამატებითი ძალები ჩამოვიდნენ.
"ამ დროს აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე დაშლილი იყო, თუმცა 1000-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. როგორც კი სპეცრაზმი დაინახეს, მისი მისამართით პიროტექნიკის სროლა გააგრძელეს.
"აღსანიშნავია, რომ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზევე გამოჩნდნენ დაახლოებით 6 საათისთვის. ესენი იყვნენ ელგუჯა ბაგრატიონი, რეზო ხარაზი, მირდატ ქამადაძე, რომლებიც სამართალდამცავებისგან დაკავებულებზე ახსნა-გამარტებებს და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ სამმართველოსკენ მსვლელობაშიც მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ მოვიდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. როგორც "ოცნების" დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ განაცხადა, ის სიტუაციაში გასარკვევად მოვიდა, მაგრამ კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავა."
თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციაზე, "რეზონანსი" ამაზე მირდატ ქამადაძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, თავიდან ეს მშვიდობიანი აქცია იყო და როგორც კი ის ვანდალიზმში გადაიზარდა, პარტიის წევრები მას გაემიჯნნენ.
"მასმედიის საშუალებებით შევიტყვე, რომ ე.წ. პლაზასთან იყო აქცია. გადავწყვიტე გავრკვეულიყავი ვითარებაში და მივედი ადგილზე. ვნახე, რომ იქ შეკრებილ ადამიანებს ჰქონდათ სრულიად სამართლიანი პროტესტი ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებზე, რასაც ბათუმში საპატრულო პოლიცია ახორციელებდა. კერძოდ, გადაჭარბებულად მაღალი ჯარიმები, ადამიანების დაკავება, რომლებიც სასამართლო განხილვის შემდეგ ან მართლდებოდნენ, ან გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებდა მათ მიმართ. აქციაზე შეერთებით ჩვენ კანონის აღსრულების წინააღმდეგნი კი არ ვიყავით, არამედ ჩვენ ვითხოვდით ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლებას," - ამბობს მირდატ ქამადაძე.
კითხვაზე, აქციაში მათი პარტიიდან კონკრეტულად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, ქამადაძე ამბობს, რომ ეს არ იყო ორგანიზებული შეერთება, ამიტომ ზუსტი რიცხვის დასახელება უჭირს.
"(პროტესტი) იყო სპონტანური, არ ყოფილა დაგეგმილი და მით უმეტეს, ჩვენ მიერ. როგორც მე გავიგე ამ აქციის შესახებ, ისე გაიგო პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა. ჩვენ გარდა იქ იყვნენ რესპუბლიკური პარტიის, "ბურჯანაძე-დემოკრატების", ლეიბორისტული პარტიის წამომადგენლები. მათ შორის "ქართული ოცნების" წევრებიც. თუმცა როდესაც ეს აქცია რამდენიმე საათი გაგრძელდა და მათ არავინ დალაპარაკებია, "ოცნების" დეპუტატებთან ერთად შევხვდით შს მინისტრის პირველ მოადგილეს. შევთავაზეთ, რომ დაკავებულები გაეთავისუფლებინათ და სასამართლოს ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაზეც მივიღეთ პირობა, რომ ისინი გათავისუფლდებოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ველოდით გათავისუფლებას, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა სპეცრაზმი. ამ ყველაფერს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში აშუქებდა, შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ 23 საათი და 57 წუთი, როდესაც იქ მომიტინგეების მხრიდან არანაირი ძალადობა არ იყო, სპეცრაზმმა ამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რაზეც ამათაც წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმი ისევ უკან შევიდა. ეს იყო ერთგვარი პროვოცირება. მას შემდეგ, რაც ხალხი ისევ მობილიზდა, სპეცრაზმმა მეორედ კიდევ ისროლა და ცრემლსადენი გაუშვა. აი, ამის მერე გამოჩნდა რაღაც ჯგუფი, რომელიც, გვაქვს ეჭვი, რომ იყო სუსის მხრიდან შემოგზავნილი. არ გამოვრიცხავ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილემ ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგრამ ამ დროს მშვიდობიანი ბათუმელი მოქალაქეები იქაურობას უკვე გაცლილები იყვნენ. გამოჩნდა მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. ამის შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ ამ სიტუაციას ვემიჯნებოდით, მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შესაბამისი ზომები მიეღოთ და ტერიტორია დავტოვეთ," - ამბობს მირდატ ქამადაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, სულ 75 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 13-ის სასამართლო პროცესი გაიმართა, 6-ის პროცესი გადაიდო, 7-ს კი 250-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.