აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ, ე.წ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. ამის შესახებ „livepress.ge" წერს.
ოფიციალური სოხუმის თქმით, „საქართველომ კიდევ ერთხელ მიმართა კარგად ცნობილ პროპაგანდას ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციაზე, უკანონო არჩევნებსა და ტერიტორიების ოკუპაციაზე".
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია,რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რიტორიკა პროპაგანდისტულია და ამ ყველაფერს სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ვერ ექნება.
12 მარტს გამართულ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ეს არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.
უწყების განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებში მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი 13 საარჩევნო უბანში აირჩია, 22 უბანში კი მეორე ტური გაიმართება.