რეზონანსი
15.03.2017

 პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, მოლაპარაკებები გამართოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობასთან და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწეროს.

აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პუტინის გადაწყვეტილებას რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესის გაგრძელებად აფასებს.

„რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ. შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ფაქტზე დროულ რეაგირებას სთხოვს.

ვლადიმერ პუტინის ხელის მოწერა დოკუმენტზე, რომელიც ე.წ. ოსური ცალკეული საჯარისო ფორმირებების რუსულ არმიაში გაერთიანებას გულისხმობს, მკაცრად შეაფასა საქართველოს საგარეო უწყებამაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს მოსკოვის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფაა.

„ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ, ეს არის  რუსეთის მორიგი პროვოკაცია , მიმართული, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია იყოს" , - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს, რომ ოფიციალურ თბილისს სხვა ბერკეტები არ აქვს, გარდა იმისა, რომ რეგიონში მშვიდობას დიპლომატიური გზით მიაღწიოს.

„აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმები არ ვრცელდება, ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ხორციელდება ამ ტერიტორიებზე, არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის საწინააღმდეგოდ" , - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ მუშაობს.

„საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია" , - განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×