ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმრების დიდი რაოდენობა კვლავ პრობლემაა. ანგარიშში 2015-2016 წლების მონაცემებია გაანალიზებული.
დოკუმენტის თანახმად, ევროპის მასშტაბით, პატიმრების რაოდენობა 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა 15-მდე ქვეყანაში მსჯავრდებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათ შორის არის საქართველო.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ევროპის მასშტაბით, 1 მილიონ 404 ათას 398 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, რაც 2014 წელთან შედარებით, 102 ათას 880-ით ნაკლებია.
საკვლევი დროის პერიოდში, ციხეებში მოთავსების ინდექსი გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: საქართველო (+20.5%), მაკედონია, თურქეთი, ჩეხეთი და ალბანეთი.
თავისუფლების აღკვეთის ყველაზე მაღალი ინდექსი რუსეთში დაფიქსირდა,სადაც ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლეობით 440 პატიმარია. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 275-ია.
რაც შეეხება მსჯავრდებული ადამიანების ციხეში მოხვედრის მიზეზებს, ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ყოველი მეხუთე პატიმარი სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების გამო იხდის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, მონტენეგროში, კვიპროსსა და ლუქსემბურგში 25%-ს აღწევს.
სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების გამო სასჯელის მოხდის შემდეგ, მეორე ადგილზეა ქურდობა, მესამეზე კი მკვლელობა.