სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" კვლევის შედეგებს დაეყრდნო. ორგანიზაციამ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემამოწმებელ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.
9 მარტს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა,რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა.
„არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.