ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, მის მიმართ ბოლო დღების განმავლობაში გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. "გუგლი მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ-აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ განმარტება facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.
2. ასე რომ, მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს, პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.
3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას, რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო - თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის - დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით - დამაკნინებელი წოდებით „თათარი", რომელიც, თავისთავად ცხადია, ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო, აგორებულ კამპანიას აჰყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში, თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს.
4. დაბოლოს - ისევ და ისევ „გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ.