შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ „აბრეზი" ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს