„BBC"-ის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო ინდუსტრიის დაბადება. მისივე თქმით, ამ ძრავის საშუალებით ფხენიანი შეძლებს მსოფლიო კლასის თანამგზავრები გაუშვას.სავარაუდოდ, საუბარია მაღალი წნევის მქონე ძრავაზე, რომელიც შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისთვის გამოიყენება.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი ჩინეთში ჩავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძირითადი მოკავშირეა. პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო და ბირთვული პროგრამების შეჩერება უნდა მოსთხოვონ.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს, ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ფხენიანის მხრიდან სამხედრო საფრთხეს უპასუხოს.
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ 4 ბალისტიკური რაკეტა გამოცადა და ამას იაპონიაში, ამერიკულ ბაზებზე შესაძლო თავდასხმის რეპეტიცია უწოდა. ფხენიანის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, აშშ-მა და იაპონიამ კი გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვეს.