ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში, ასწლოვანი მუხით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.
გამოცემა „ბათუმელების" ინფორმაციით, ჯურუყვეთში, ფოფხაძეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში მდგარი მუხის სანახავად,ბიძინა ივანიშვილი თავად იყო მისული, ხე შეამოწმა და მისმა წარმომადგენლებმა მეპატრონესთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
მუხის მეპატრონის, დავით ფოფხაძის განცხადებით, ხე ჯერ არ გაუყიდიათ. მეპატრონე არც მის სავარაუდო ფასზე საუბრობს.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ივანიშვილს ხე მოეწონა, მაგრამ მისი გადატანა პრობლემაა. იმ ადგილამდე მისასვლელი გზა, სადაც მუხა დგას, ვიწროა. თუ ივანიშვილი ხის გადატანას გადაწყვეტს, მას საჰაერო ტრანსპორტი დასჭირდება.
ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანა წინა წლის მარტში დაიწყო. პირველი ხე, რომელმაც შავ ზღვაში „გაცურა", ასწლოვანი ტიტა იყო. ივანიშვილის დაკვეთით, ხეების გადასატანად ციხისძირში დროებითი ნავმისადგომიც ააგეს. მილიარდერი ხეებს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში რგავს.