"დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი, დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია"
ნინო ქეთელაური
21.03.2017

 რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღების გაძლიერებას სპეციალისტები "ძალების დემონსტრირებას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო სისტემების, ს-300 შეყვანის ფაქტი საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების, "ინფორმნაპალმ"-ის მოხალისეებმა დააფიქსირეს. მათ პირველადი ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისაგან მიიღეს.

მათივე ცნობით, 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, დაახლოებით სამი ათეული ვაგონი შევიდა, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები.

მათი ინფორმაციით, ახალი მესამე დივიზიონი ს-300 ოჩამჩირის ("ნაგვალოუს" პოლიგონის რაიონში) ან ალის რაიონში განთავსდება.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის შეფასებით, რუსეთი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს და ამის შესახებ არავის დაეკითხება.

"არსებობს ვარაუდიც, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, 28-დან უკვე უვიზო მიმოსვლა დაიწყება და შეიძლება რუსეთი იქ იმიტომ აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ის ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ მერე შეგვაშინებს."საქმე ისაა, რომ რუსი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს. არავის ამის შესახებ არ ჰკითხავს. სხვათა შორის, არც აფხაზებს", - ამბობს ლევან კიკნაძე და განმარტავს, რომ რუსეთი ამას ძალის დემონსტრირებისთვის აკეთებს.

"ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაღიზიანონ. გარდა ამისა, აფ მისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გამოიწვევს. ეს კი რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რისკენაც დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლება მიილტვის", - აღნიშნავს ლევან კიკნაძე.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ უკავშირდება, რადგან რუსეთისთვის ეს არანაირი საფრთხე არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ნატო-საქართველოს დაახლოებაზე.

"რუსეთისთვის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დაახლოებაა. მით უმეტეს, ნატოს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო გასაწევრიანებლად მზად არის.

"აქ სხვა ფაქტორებიც არის, ერთ-ერთია ნატოს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურება და ზოგადად მისი გაფართოების საკითხი, რაც რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეულია და არც მალავს.

ხოლო ის, რომ კავკასიის რეგიონი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ იცის. კავკასიის ნებისმიერი სახელმწიფო ნატოში - რუსეთისთვის მიუღებელია", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აფხაზეთში რუსეთის გააქტიურება კრემლის გრძელვადიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

"ის ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების განახლებას და მოდერნიზაციას. ძველი ტექნიკა, ფაქტობრივად, გამოჰყავთ ექსპლუატაციიდან და მის ნაცვლად იღებენ ახალ გამოშვებულ ტექნიკას. დღეს უკვე რუსეთის სამხედრო ტექნიკის 50%-ზე მეტი განახლებულია.

"ბოლო რამდენიმე წელიწადში 5000-ზე მეტი ერთეული ტექნიკა: ტანკები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სარაკეტო სისტემები - ისკანდერები და ა.შ. აქვთ მიღებული. დანარჩენი ძველი ტექნიკის მოდერნიზება მიმდინარეობს.

"ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ეს შეიარაღება ყველგან წავა, გარდა კავკასიის ბაზებისა. ისინი გეგმურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულება, ანუ დონბასი, მათთვის არის პრიორიტეტული, თუმცა სხვა მიმართულებებითაც მიდის ტექნიკის შეტანა და გადაიარაღება", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, რუსეთი ყველანაირ სცენარზე მუშაობს და ბოლო 5-10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ "წასულ მატარებელს კი არ მისდევენ, არამედ თვითონ ცდილობენ სცენარების შექმნას და გლობალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას".

"ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაწილიც და გეგმური გადაიარაღებაც. როგორც ახალხან შევიტყვეთ, სამხრეთ სამხედრო ოლქში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ოლქს დაემატა კიდევ ერთი საერთო საჯარისო არმია.

"იქ იყო 58-ე არმია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, 2011 წელს შეიქმნა 49-ე და ახლა კიდევ ერთი არმია დაემატა. წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო 58-ე არმია რა ძალას წარმოადგენდა ჩვენთვის და ახლა კიდევ უფრო გაძლიერებული 3 არმია. ასე რომ, სერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

სამხედრო ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში აფხაზეთი რუსეთისთვის სამხრეთ მიმართულებით მოქმედებების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

"მე არ განვიხილავდი ამას ისე, თითქოს რუსეთი ახლა აფაზეთში რამეს გეგმავს. მათ იქ რაც უნდოდათ, 2008 წელს უკვე განახორციელეს, ჩვენ ამის აღკვეთა ვერ თუ არ მოვახდინეთ. ეს ცალკე ანალიზის საგანია. ასე რომ, ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი და არა კონკრეტული მოქმედების", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში ქართულმა მხარემ დიალოგის რეჟიმში ყოფნა უნდა უზრუნველყოს, რადგან ურთიერთობის მხოლოდ ეს ფორმაა მშვიდობის შემანარჩუნებელი.

"მე ყველთვის ვთვლიდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მტერსაც უნდა ესაუბრო. არც ენამოჩლექით საუბარია საჭირო და არც ზედმეტი აგრესიულობით. მტერს უნდა ესაუბრო ისე, როგორც მოყვარეს. მით უმეტეს, ჩვენ სამეზობლოს ვერ შევიცვლით და დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი. დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

"აქ ასევე ბევრია დამოკიდებული პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე. მათი ურთიერთობის გაყინვაც და დათბობაც, შესაძლოა, ორივე საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

"დათბობის შემთხვევაში შესაძლოა მათ შორის ვაჭრობა შედგეს, ურთიერთობის გაყინვა კი დასვლეთთან დიალოგის არქონას ნიშნავს, რაც რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცეში უარესად გააქტიურებას გამოიწვევს", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან აუცილებელია გააზრებული, გონივრული პოლიტიკა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით და სახლმწიფოს განმტკიცება ეკონომიკური თუ ძალოვანი სტრუქტურების თვალსაზრისით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×