გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ, რაშიდ კანჯიოღლის დაკავების და გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხებს დააყენებს. შეხვედრაზე მხარეები ე. წ. საზღვარზე მოქალაქეების დაკავების ფაქტებზეც ისაუბრებენ.
ენგურის ხიდთან იმყოფება ლუკავას მეუღლე. მისი მტკიცებით, აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ლუკავა შეიწყალა, მაგრამ იგი დრანდის ციხეში რჩება.
გალში შეხვედრის დაწყების წინ ხმაური იყო. მოლაპარაკებაში მონაწილე ქართულ მხარეს ე.წ. საზღვარზე, დრანდის ციხეში დატყვევებული გიორგი ლუკავას მეუღლე დახვდა და დელეგაციის წევრებს ლუკავასთან სატელეფონო საუბარი მოასმენინა.
ლალი ბასარიას ინფორმაციით, ლუკავა აფხაზური მხარის მიერ უკვე 2 თვეა შეწყალებულია, თუმცა მისი გაცვლა გაურკვეველი მიზეზებით არ ხდება.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებას შიში აქვს, გაცვლა რომ მოხდეს, ამას არ მოჰყვეს დიდი აურზაური და ესენი ითხოვენ კადაევს ან კიდევ მეორე ჩეჩენს" , - განაცხადა გიორგი ლუკავას მეუღლემ, ლალი ბასარიამ.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე არ საუბრობს.
„ოჯახის წევრების გაღიზიანება გასაგებია, ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერის, რომ გიორგი ლუკავა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან დრანდის ციხეში, გათავისუფლდნენ" , -განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში, თბილისიდან გალში, 3 შვილის საფლავის მოსანახულებლად ჩავიდა. ამის შემდეგ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაატყვევეს. 52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია სოხუმთან ახლოს, დრანდის ციხის პატიმარია. აფხაზეთის ომის ყოფილი მებრძოლი 20- წლიან სასჯელს იხდის. მას „ტყის ძმებთან" კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.
2016 წლის მარტში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა, 8 ქართველი უკანონო პატიმარი გორის ტერაქტში ბრალდებულებზე გაიცვალა. ქართველ პატიმრებს შორის გიორგი ლუკავა არ აღმოჩნდა.