რეზონანსი
22.03.2017

 პარლამენტში ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აპირებს. უმრავლესობის წევრების განმარტებით, კანონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე განიხილეს და არ გაიზიარეს.

ე.წ მოსმენების კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ამის შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ.

საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებათა პაკეტს ანტისაზოგადოებრივს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი დაზიანდება. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ კანონი ერთგვარი პოლიტიკური კონტროლის იარაღია და ის ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება.

პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. პრეზიდენტის თქმით, კანონის ამ სახით მიღება გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს გამოწვევს.

საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×