რეზონანსი
22.03.2017

 საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრუნო ლე რუ თანამდებობიდან გადადგა. მან პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ზაფხულის არდადეგებზე თავისი შვილები საპარლამენტო საქმიანობის შესასრულებლად დაიქირავა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters"-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გრძნობს. საფრანგეთის ფინანსურმა პოლიციამ ყოფილი მინისტრის შვილების დასაქმების საკითხზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

შს მინისტრის მიერ შვილების დასაქმების საკითხზე ინფორმაცია მედიაში 20 მარტს გავრცელდა. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადეს, რომ ლე რუს პარლამენტარობის პერიოდში, მისი ორი შვილი, საზაფხულო არდადეგებზე მამის ასისტენტად მუშაობდა. გოგონების ასაკი იმ დროს 15 და 16 წელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფომ გოგონებს ანაზღაურების სახით 55 ათასი ევრო გადაუხადა.

უცხოური მედია წერს,რომ საფრანგეთის კანონმდებლობით, მუშაობის დასაწყებად მინიმალური ასაკი 16 წელია, თუმცა ეს ნორმა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ახლო ნათესავის უშუალო ქვეშევრდომია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი მატიას ფეკლია, რომელიც მანამდე მთავრობაში საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის განვითარების და უცხოეთში მცხოვრები ფრანგების საქმეთა სახელმწიფო მდივანი იყო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×