შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვახტანგ ლაშქარაძის ინფორმაციით, ბრაზილიიდან შემოსულ ყველა ხორცპროდუქტზე სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება და ეს პროდუქტები ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლიან.
„ბრაზილიიდან მიღებული ხორცი საზღვარზე შემოწმდება 100%-ით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს რეჟიმი შენარჩუნდება", - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ „ეკონომეტრთან" საუბრისას.
მისივე თქმით, აქამდე ასეთი ტიპის საქონლის შემოტანისათვის სავალდებულო იყო ვეტერინარული ჯანმრთელობის სერტიფიკატი და საზღვარზე პროდუქტის მხოლოდ 20% მოწმდებოდა.
„თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საზღვარზე ჩვენს მეირ ლაბორატორიულად შემოწმებულია 20%, 50 შემოწმებიდან 2 შემთხვევაში ხორცში ე.წ. სალმონელას არსებობა დაფიქსირდა. ეს დიდი ალბათობით მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურება ტრანსპორტირების გამო მოხდა" , - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა. უცხოური მედიის ცნობით,ბრაზილიაში 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი სამი ქარხანა დახურეს.
გამოძიების ინფორმაციით, ორი მსხვილი კომპანიის მენეჯერები სანიტარულ ინსპექტორებს ქრთამს აძლევდნენ და პროდუქციაზე ყალბ სერტიფიკატებს იღებდნენ.
ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, ხორცთან დაკავშირებული მაქინაციების 40-მდე ფაქტი დააფიქსირეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ წელს საქართველოში ბრაზილიიდან 4,623 ათასი ტონა, 4,448 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორცი შემოვიდა.