საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას განმარტავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ხარჯთეფექტურობის დათვლის შემდეგ დაიწყება.
„საუბარი იყო არა ქალაქზე, არამედ კლასტერზე, ეს ნიშნავს, რომ საკითხს შევისწავლით, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპრტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასევე ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით დადასტურდება, რომ ეს იქნება საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ნაწილში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის", - განაცხადა გახარიამ.