რეზონანსი
23.03.2017

 „რუსთავი 2"-ის აქციების 80%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გამოთქვამენ მზადყოფნას ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცენ.

„მივმართავთ რუსთავი 2-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს. მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს „რუსთავი 2" აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში,"- განაცხადა ყარამანიშვილმა.

მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.

„რუსთავი 2"-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×