რეზონანსი
25.03.2017

 პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა დიპლომატებს, გაერო-ში საქართველოს საკითხზე პირველი რეზოლუციის მიღება მიულოცა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში გამართული პრესკონფერენციისას აღნიშნა, საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და მომდევნო სესიების განმავლობაშიც ასე გაგრძელდება.

„ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაა ასახული. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით, მონიტორინგის აუცილებლობა არის ხაზგასმული.

„ეს ნიშნავს, რომ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე გააცნოს" , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

24 მარტს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან". დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×