ლონდონის პოლიციამ, ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან, კიდევ 7 ადამიანი გაათავისუფლა. პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიებას 2 პირი ჰყავს დაკავებული.
სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რა კავშირი ჰქონდათ მათ ხალიდ მასუდთან, რომელმაც ვესტმინსტერის ხიდზე და პარლამენტის შენობასთან თავდასხმა მოაწყო და 4 ადამიანი მოკლა.
„ისლამურმა სახელმწიფომ" მასუდი საკუთარ მებრძოლად გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის საუდის არაბეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებთან კავშირი სწორედ იქ დაამყარა.
საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 52 წლის ხალიდ მასუდი წლების განმავლობაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.
22 მარტს, ლონდონში, ადგილობრივი დროით 14:40 საათზე, თავდამსხმელმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც 52 წლის ხალიდ მასუდი, ჯერ ვესტმინსტერის ხიდზე ფეხითმოსიარულეებს ავტომობილით დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტთან პოლიციელი დაჭრა. ის სამართალდამცველებმა მოკლეს.
ტერაქტის დროს დაიღუპა 5 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა. „Scotland Yard"-ის ინფორმაციით, დაღუპული პოლიციელი 48 წლის კიტ პალმერია. მას იარაღი არ ჰქონდა. ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ აიღო".