ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. დედაქალაქში გასამართი ღონისძიებების ჩამონათვალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა გაავრცელა.
26 მარტს განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით მოირთვება. მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის" სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს შესთავაზებენ.
ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ.
„დღესასწაულის კულმინაცია კი კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება - ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან",- აღნიშნულია განცხადებაში.
27 მარტს კი, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.