რეზონანსი
26.03.2017

 ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საშუალებით ძმებ ყარამანიშვილებს მიმართავს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს პუნქტობრივად აყალიბებს. მისი თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ გამოსულა წილის გადმოცემის მოთხოვნით. მათ ღიად მიიღეს შემოთავაზება და დისკუსიაში ჩაერთვნენ.

ძვირფასო დამფუძნებლებო:

"მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში. ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა, რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.

საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა, ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვითან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღეებში, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?

ps გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ყველაფერს ბოლო სამი წელია და ყველაფერზე რომ შეკითხვები გვიჩნდება, იმედია არავის უკვირს,"-განაცხადა გვარამიამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×