წელს თბილისის მერის პოსტზე ბრძოლაში ორი ახალი ინტრიგა შემოდის. ერთი, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიან და მთავარ ოპოზიციურ ძალას, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" ომში სავარაუდოდ პირველად ჩაანაცვლებს სხვა, ამჯერად უპარტიო კანდიდატი. ხოლო რადგანაც დამოუკიდებელ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი უკვე სახელდება, "ოცნებიდან" კი კულუარებში საუბარია კახა კალაძის დასახელებაზე, ამ ორ ფიგურას შორის საარჩევნო ბრძოლა იქნება მეორე ინტრიგა და შეთავაზება ამომრჩევლისთვის, რა სურთ მათ - მერი, რომელიც პოლიტიკური ფიგურა იქნება, თუ მერი, რომელსაც ქალაქი აინტერესებს და არა პოლიტიკური ინტრიგები.
პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი, მათ შორის "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილებიც კი, მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილში პოლიტიკური ელიტის მიმართ დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომაც წონიან, კარგი ბექგრაუნდის მქონე უპარტიო ფიგურის გამოჩენას საარჩევნო მარათონზე, თუკი ასეთ ფიგურას ბრძოლისუნარიანი მენეჯმენტიც დაუდგება გვერდით, შანსი აქვს, "ოცნებას" დიდი მეტოქეობა გაუწიოს და ეს იქნება საინტერესო ინტრიგა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.
ალეკო ელისაშვილს კი, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სულ მარტო დაამარცხა მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე "ქართული ოცნება" და თბილისის პრობლემებზე ყველაზე აქტიური მებრძოლადაც მიიჩნევა, შანსი აქვს, მმართველი ძალისთვის ანგარიშგასაწევი მეტოქე გახდეს.
თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატები
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდეს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, "რესპუბლიკელებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და შეიძლება მათ სხვებიც შეუერთდნენ, შესაძლოა, დაასახელონ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ასევე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს პარლამენტში შესული და მოძლიერებული "პატრიოტთა ალიანსიც" და ორად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობაც". "ნაციონალები" დიდი ალბათობით ნიკა მელიას დაასახელებენ, "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ფიგურა, რომლებიც თბილისის საქმეებში ძალიან აქტიური არიან. დიდი ალბათობით შესაძლებელია, გიგი უგულავა არ დასახელდეს თბილისის მერობის კანდიდატად და არჩევანი ელენე ხოშტარიაზე გაკეთდეს.
კახა კალაძე რომ მერობის კანდიდატობისთვის ემზადება, ამაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, ბოლო დროს კალაძის ვიზიტები დედაქალაქის საკრებულოში გახშირდა და მას თან ახლავს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე.
ამ ინერციით შეძლეს. დღეს ვითარება შეცვლილია. დიდი მეტოქეობა "ქართულ ოცნებასა" და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის იქნება და სწორი მენეჯმენტის პირობებში დამოუკიდებელ კანდიდატს აქვს შანსი," - აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, კი, ორად დაშლილი "ნაციონალების" ფონზე დამოუკიდებელ კანდიდატს, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს, აქვს შანსი, "ოცნების" კანდიდატის მთავარი მეტოქე იყოს და ეს დიდ ინტრიგას შეიტანს ამ არჩევნებში, თუმცა თვლის, რომ, ამ ინტრიგის მიუხედავად, "ოცნებას" თბილისში პირველივე ტურში მოგება არ გაუჭირდება.
"ცხარე ბრძოლა იქნება როგორც ყველა თანამდებობაზე, თბილისის მერობაზე კი ყველაზე მეტად. ნარმანიას ხელში ცოტათი დეპოლიტიზაცია მოხდა ამ თანამდებობისა. ის პოლიტიკური წონა, რაც თბილისის მერს აქვს, ცოტა დაიკარგა, მაგრამ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, იმავე გიგი უგულავას მერობისას, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თბილისის მერი წამყვან როლს თამაშობდა.
"სავარაუდოდ, ანალოგიური პოლიტიკური დატვირთვის, პოლიტიკური წონისკენ მიისწრაფვის "ქართული ოცნება", თუ იგი აპირებს კალაძის კანდიდატად დასახელებას. სამეურნეო მერზე უფრო ის პოლიტიკური მერი იქნება. ენერგეტიკის მინისტრადაც კი ის პოლიტიკურ ფუნქციებში უფრო ჩანს, ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკის საკითხების გამრჩევი პირი.
"თუ ოპოზიციური ფრთიდან ელისაშვილის კანდიდატურა დასახელდება, ეს მეტ ინტრიგას შესძენს არჩევნებს. ის საინტერესო ფიგურაა. ქალაქის ინტერესების სახელით ის ხშირადაც დაუპირისპირდება ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ელისაშვილი ქალაქის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ზოგად პოლიტიკურ ინტერესებზე.
"ამდენად, ვერ ვიტყვი, რომელი ვარიანტი უფრო საინტერესოა თავად ქალაქისთვის - კალაძის მაგვარი მერი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ძირითად პოლიტიკურ პროცესში, თუ ელისაშვილის მაგვარი მერი, რომელიც მხოლოდ ქალაქზეა ორიენტირებული. საინტერესოა, ქართულ ელექტორატს რაზე ექნება ორიენტაცია.
"რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მაინც სავარაუდოა, რომ რამდენი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს, გამარჯვება პარტიების რეიტინგსა და გავლენაზე იქნება დამოკიდებული და "ქართულ ოცნებას" პირველივე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება", - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ნარმანიას კანდიდატობას მაშინ თავად პარტიის შიგნით არ უჭერდა ყველა მხარს, კალაძეს კი ეს წინააღმდეგობა არ ექნება. თან კალაძეს პირვნული რეიტინგი გააჩნია. პლუს, მაშინ ნარმანიას მოწინააღმდეგე იყო ნიკა მელია, რომელიც ერთიანი "ნაციონალების" კანდიდატი იყო. დღეს "ნაციონალები" ორად არიან გაყოფილი და ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, პირველივე ტურში გადაწყდეს საკითხი.
"ელისაშვილის გამოჩენა ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი იქნება მეტოქეებისთვის, მაგრამ მას გამარჯვება გაუჭირდება. არჩევნებში მნიშვნელოვანია ის რაზმი, რომელიც შენთვის იბრძვის და ამ რაზმის წონა. ერთმა კაცმა შეიძლება დეპუტატად გამარჯვება შეძლო, მაგრამ ისეთ მარათონში, როგორიც ქალაქის მერობაა, სადაც დიდი ძალები ერთვება, ელისაშვილს გაუჭირდება," - დასძენს საყვარელიძე.