რეზონანსი
27.03.2017

 ევროპა 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი ხდება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 სახელმწიფოს და ოთხ არაწევრ ქვეყანას.

იცვლება მოგზაურობის წესები, მზადების პროცედურები და ხანგრძლივობა. 28 მარტიდან აღარ არის საჭირო ერთი თვით ადრე საელჩოში გასაუბრების დანიშვნა, სავიზო აპლიკაციის შევსება. უქმდება სავიზო მოსაკრებელი - 35 ევრო. მთავარი დოკუმენტი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტია.

პასპორტთან ერთად, საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრეს სამშობლოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს. ასეთი შეიძლება იყო ამონაწერი ბანკიდან ან ნაღდი ფული - მოგზაურობის ერთ დღეზე საშუალოდ 50 ევრო.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილი ინსტალაციის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება.

ღონისძიება საღამოს 9 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. საზეიმო ღონისძიებები თბილისში, გუშინაც გაიმართა.

„ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა არ არის მხოლოდ იოლად მგზავრობა, არამედ ეს არის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ევროპული ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან გავიზიაროთ დიდი გამოცდილება" , - განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

„ევროპასთან მეტი სიახლოვე ნიშნავს, როგორც მეტ განათლებას, ისე მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. იმედია, რომ ქართველი ხალხი ამ მონაპოვარს შეინარჩუნებს და ვერავინ გაბედავს, რომ ამ მიმართულებით უკან გადაიდგას ნაბიჯი" , - აცხადებს „ენმ"-ის წევრი, გია ბარამიძე.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×