რეზონანსი
27.03.2017

 28 მარტს, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ, ძალაში შედის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმ წარმატებული რეფორმების შედეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გაატარა.

„ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებისა, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოეცა", - განაცხადა თამარ ხულორდავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

უმრავლესობის წევრის თქმით, 28 მარტი ევროპასთან მხოლოდ ტექნიკური დაახლოების თარიღი არ არის. როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში.

„ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება, რადგან ყველამ ვნახეთ რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა უკვე რეალობაა და თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, უკვე ჩვენი ღირსების საკითხია", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×