რეზონანსი
27.03.2017

 მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ მიტინგებს, აშშ-ის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. თეთრმა სახლმა აქციების დარბევა დაგმო და ამას დემოკრატიული ფასეულობების შეურაცხყოფა უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC"-ი ავრცელებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, რომლებიც მშვიდობიან მიტინგში მონაწილეობდნენ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა.

მისი თქმით, აშშ აღაშფოთა ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალექსეი ნავალინის დაკავებამ, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ტონერმა ამ ფაქტს დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა უწოდა.

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 900-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „Дождь"-ი ავრცელებს. აქციები 82 ქალაქში გაიმართა, და მთლიანად 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაკავებულია აქციის ორგანიზატორი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც. მისი ინფორმაციით, პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, კორუფციული გზით სხვადასხვა სახის მდიდრული უძრავი ქონება აქვს მოპოვებული. საპროტესტო გამოსვლები, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა „Instagram"-ის საკუთარ გვერდზე, მომხმარებელ @ispiridonoff-ს კითხვაზე, „როგორ ჩაიარა დღემ?" უპასუხა - „მშვენივრად, თხილამურზე ვისრიალე". როგორც რუსული მედია იუწყება, ეს კომენტარი იმ დროს არის დაწერილი,როდესაც მოსკოვის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×