რეზონანსი
27.03.2017

 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. რეგიონის 22 ოლქში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დეპუტატის მანდატი ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელმა, ასლან ბჟანიამ მოიპოვა. სულ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ 35-დან 22 დეპუტატი აირჩია.

პირველ ტურში გამარჯვებული მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდა. 1 ოლქში კი განმეორებითი არჩევნები დაბალი აქტივობის გამო, მაისში გაიმართება. მეორე ტურში თითოეული ოლქიდან მხოლოდ ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

მეორე ტურში მონაწილეთა შორის იყვნენ აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის თანათავმჯდომარე, ასლან ბჟანია და ყოფილი შს მინისტრი, რაულ ლოლუა. პირველ ტურში გამარჯვება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა მოიპოვა.

აფხაზეთის ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გააკეთეს.

მინისტრების განცხადებით, ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს პირველი ტურის შემდეგ გამოეხმაურა.

დე ფაქტო აფხაზეთში გამართულ არჩევნებს, პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის,137 კანდიდატი იბრძოდა. ე.წ. არჩევნების პირველ ტურში, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა საპარლამენტო მანდატი უკვე მოიპოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×