დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საკითხი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს მიიღოს.
საგამოძიებო უწყებამ ექსპერტიზის დასკვნის გამო, სასამართლო სხდომის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შეთხვევაში, პროკურატურას მოუწევს დაასაბუთოს საკუთარი არგუმენტები პროცესზე, რომელსაც სასამართლო უახლოეს 72 საათში ჩანიშნავს, თუმცა არ არის გამორიცხული, ის დღესვე გაიმართოს.
დეკანოზის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას და ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვს. მათი შეფასებით, პროკურატურას მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.
დაცვის მხარის შუამდგომლობა, საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკითხვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, 23 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა. კოლეგიის განმარტებით, შუამდგომლობაში არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული.